ინტერვიუები

ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანება სრულიად შესაძლებელია, პოლონეთი მზადაა მხარი დაუჭიროს - მარჩინ ბოსაცკი

15 წუთი კითხვის

ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანება სრულიად შესაძლებელია, პოლონეთი მზადაა მხარი დაუჭიროს - მარჩინ ბოსაცკი

პოლონეთი მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთს ევროპის კავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების გზაზე, იმავდროულად გამოხატავს მზადყოფნას განავითაროს ორმხრივი თანამშრომლობა ვაჭრობის, ინვესტიციების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

„არმენპრესთან“ ინტერვიუში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა მარჩინ ბოსაცკიმ აღნიშნა, რომ სომხეთისა და პოლონეთის დაახლოების საფუძველში ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებია - დემოკრატია, სუვერენიტეტი და საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად შენების სწრაფვა.

ინტერვიუ ჩატარდა 10 სექტემბერს.

- ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში სომხეთსა და პოლონეთს შორის პოლიტიკური დიალოგი და მაღალი დონის კონტაქტები მნიშვნელოვნად გააქტიურდა, მათ შორის წელს ორი ქვეყნის ლიდერების ორმხრივი ვიზიტების ფარგლებში. რამ შეუწყო ხელი ორი ქვეყნის დაახლოებას და როგორ ხედავთ სომხეთ-პოლონეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას?

- ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების დაახლოების ძირითადი მიზეზი ის არის, რომ სომხეთი და პოლონეთი იზიარებენ იმავე ღირებულებებს. საუბარია დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და საკუთარი ქვეყნის მომავლის საკუთარი ძალებით შენების ხალხთა უფლებისადმი ერთგულებაზე.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთისა და პოლონეთის შემთხვევაში, ვინაიდან ორსავე ქვეყანას საკმაოდ რთული სამეზობლო აქვს უფრო დიდ ძალებთან, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოახდინონ თავიანთი პატარა მეზობლების ბედზე. რა თქმა უნდა, ჩვენი გეოგრაფია განსხვავებულია. თქვენ კავკასიაში იმყოფებით, ჩვენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა მეზობლების ეს პრეტენზიები თავისი არსით, ფაქტობრივად, იგივეა.

ჩვენ, როგორც ევროკავშირის გავლენიანი წევრი, მართლაც ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ სომხეთს დასავლეთის ინსტიტუტებთან შეერთების მისწრაფების რეალობად ქცევასა და დაწინაურებაში იმ გზაზე, რომელიც პოლონეთმა გაიარა 20-25 წლის წინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანდა.

ამ ორი დღის განმავლობაში სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ბატონ ვაჰან კოსტანიანთან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელ ლილით მაკუნცსა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანთან ჩემმა შეხვედრებმა და კონსულტაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ მართლაც ერთ ენაზე ვსაუბრობთ. პოლონეთი სრულად მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში, რათა სომხეთი გახდეს უფრო სუვერენული, სტაბილური და წარმატებული ქვეყანა.

- როგორ შეიძლება ეს მტკიცე პოლიტიკური საფუძველი გარდაიქმნას უფრო ღრმა თანამშრომლობად ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების კუთხით?

- ეს ჩვენი დავალებაა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ამას ვაკეთებთ. საუბარია სამინისტროების, მინისტრის მოადგილეებისა და უწყებათა ხელმძღვანელების დონეზე თანამშრომლობაზე.

თუმცა ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფო მართვის ორგანოებს შორის თანამშრომლობა და არც მხოლოდ მთავრობებს შორის ურთიერთობებით იფარგლება. როგორც აღვნიშნე, ამ ორი დღის განმავლობაში მე საკმაოდ შინაარსიანი კონსულტაციები ჩავატარე სომხეთის მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურებთან და მინისტრებთან, თუმცა ერევანში ვიზიტისას თან ჩამოვიყვანეთ 15 მსხვილი პოლონური კომპანიის წარმომადგენლებისგან შემდგარი ბიზნესდელეგაციაც, რომელშიც ჩართულნი არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები - სამთო მრეწველობიდან IT სექტორამდე, კოსმოსური ინდუსტრიიდან სოფლის მეურნეობამდე.

ისინი უკვე შეხვდნენ თავიანთ სომეხ კოლეგებს. პოლონური კომპანიები მზად არიან განახორციელონ ინვესტიციები და დაინტერესებულნი არიან ეფექტიანი სავაჭრო შეთანხმებების მიღწევით, მათ შორის სომხეთიდან კვების პროდუქტების, განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის მიმართულებით. აქ ისინი მართლაც ძალიან გემრიელია. შემიძლია ვთქვა, რომ პომიდორი და ატამი მართლაც გამორჩეულია. გარგარი ჯერ არ გასინჯული მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, შესაძლებლობა მომეცემა.

თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ და უფრო სერიოზულად, ჩვენ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს, მხოლოდ კარების გაღება შეგვიძლია ბიზნესისთვის, ხოლო ბიზნესმენებმა უკვე უნდა გაიარონ ამ კარებში და ითანამშრომლონ ერთმანეთთან. ის, რაც დღეს და გუშინ მოვისმინე, მოწმობს, რომ სომხეთისა და პოლონეთის ბიზნესსაზოგადოებებს შორის უკვე განიხილება მრავალი შესაძლო გარიგება და თანამშრომლობის შეთანხმება.

- ეკონომიკური თანამშრომლობა ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. თქვენი აზრით, რა არის სომხეთსა და პოლონეთს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოების ძირითადი დაბრკოლებები და შესაძლებლობები?

- არსებობს ორი დაბრკოლება, თუმცა შესაძლებლობები ბევრად დიდია. ევროპის კავშირი სომხეთისთვის უზარმაზარი ბაზარია - დაახლოებით 460 მილიონი მცხოვრებით, მსოფლიო სტანდარტებით შედარებით მაღალი მსყიდველობითუნარიანობით. სომხეთს აქვს მთელი რიგი უპირატესობები - IT სფეროდან და თამაშების შემუშავებით დაკავებული კომპანიებიდან დაწყებული სოფლის მეურნეობით დამთავრებული, რომლებიც საკმაოდ კარგად შეესაბამება ევროპული ბაზრის მოთხოვნებს.

ეს დიდი შესაძლებლობაა და, სავარაუდოდ, სომხეთს სჭირდება თავისი ეკონომიკური კავშირებისა და ექსპორტის მიმართულებების დივერსიფიკაცია. ამ თვალსაზრისით ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი, ბუნებრივი არჩევანია. თუმცა, დიახ, არსებობს ორი ძირითადი გამოწვევა ან დაბრკოლება.

პირველი ინსტიტუციური ხასიათისაა. როგორც იცით, ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის ზონაა, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის ვაჭრობა ხორციელდება თავისუფლად - შიდა სავაჭრო დაბრკოლებების გარეშე. თუმცა მესამე ქვეყნებისთვის გარკვეული ბარიერები არსებობს. მათ აღმოფხვრა ან სულ მცირე შემსუბუქება ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის და ამ მიმართულებით ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.

ამ პროცესის ფარგლებში უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. მაგალითად, წელს პოლონეთმა სომხეთიდან 1000 ტონა ხილი შეიყვანა და ეს ბაზარი დროებით ღია იყო სომხეთისთვის ევროკავშირის ფარგლებში.

თუმცა საჭიროა სავაჭრო შეთანხმებები, შესაძლოა ასევე წინასაგაწევრიანებლო ხასიათის შეთანხმებები. თუ სომხეთი გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მაშინ, ვფიქრობ, ბევრად გაადვილდება სომხეთისთვის ამ კარების გაღება — არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ სამრეწველო მწარმოებელთა ინტერესებიდან გამომდინარე.

მეორე გამოწვევა უბრალოდ გეოგრაფიაა. სომხეთი საკმაოდ შორს მდებარეობს ევროპიდან და სატრანსპორტო გზები არ არის ადვილი, განსაკუთრებით ორი მიმდინარე კონფლიქტის გათვალისწინებით - რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-სა და ირანს შორის არსებული კონფლიქტი.

ამ პირობებში ევროპამდე მიმავალი სატრანსპორტო მარშრუტები იოლად ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ჩვენ შევძლებთ მათ განვითარებასა და გაფართოებას. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში გაიზრდება სომხური საქონლის ექსპორტი ევროპის კავშირში.

- თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების ახალი მიმართულება გახდა, მათ შორის ახლახან ხელმოწერილი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში. ამ სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის რომელ მიმართულებებში ხედავთ ყველაზე დიდ პოტენციალს?

- მრავალი მიმართულებით. ეს მართლაც თანამშრომლობის ახლად გახსნილი სფეროა, ვინაიდან სულ რაღაც ამ წლის მაისში ჩვენი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სომხეთსა და პოლონეთს შორის ამ სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

პოლონეთის თავდაცვით ინდუსტრიას დიდი გამოცდილება აქვს საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა შეიარაღების ნატოს სტანდარტებთან, ისევე როგორც დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. თუ სომხეთს სურვილი ექნება, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს.

მეორე მიმართულება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ამ ორმა ომმა - რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტმა, მნიშვნელოვნად შეამცირა საბრძოლო მასალის მარაგები - ყველაზე მარტივი ტიპის საბრძოლო მასალიდან დაწყებული, უფრო განვითარებული საზენიტო და ანტიბალისტიკური რაკეტებით დამთავრებული.

ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მათ წარმოების გაფართოებას სომხეთისა და პოლონეთის თავდაცვით ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის გზით. ამ მიმართულებით ჩვენს ორ ქვეყანას შორის უკვე მიმდინარეობს განხილვები.

- პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერდა მხარს სომხეთის ევროპულ გზას. თქვენი შეფასებით, რამდენად შეიძლება ეს პროცესი რეალისტურად წავიდეს წინ და რა როლი შეიძლება ჰქონდეს პოლონეთს ევროკავშირთან სომხეთის უფრო მჭიდრო ინტეგრაციის პროცესში?

- ის შეიძლება წავიდეს წინ იმენად, რამდენადაც სომხეთს სურს. თქვენი პრემიერ-მინისტრის, პატივცემული ბატონი ფაშინიანის ბოლო განცხადებების თანახმად, სომხეთის ამბიცია ევროპის კავშირის წევრობაა. ეს ერთ ღამეში არ მოხდება, თუმცა ეს სრულიად შესაძლებელია. დიახ, ეს აბსოლუტურად შესაძლებელია და პოლონეთს შეუძლია მხარი დაუჭიროს სომხეთს ორი ძირითადი მიმართულებით.

პირველი, როგორც ევროკავშირის წევრ გავლენიან ქვეყანას, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ სომხეთს მის წინაშე დასახული ამბიციური მიზნების განხორციელებაში, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. თუ მიზანი ევროკავშირთან ვაჭრობის გაფართოება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადებაა, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს. თუ მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა, ჩვენ ასევე შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ამ ამბიციურ მიზანს.

თუმცა არის კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც, ფაქტობრივად, სწორედ დღეს დავიწყეთ. პოლონეთი არც ისე შორეულ წარსულში ასევე კანდიდატი ქვეყანა იყო. პოლონეთი ევროკავშირში 22 წლის წინ გაწევრიანდა. ანუ 23, 25, 27 წლის წინ ჩვენ თვითონ ვიყავით კანდიდატი ქვეყანა და ვიცით, როგორ მოვემზადოთ ევროპის კავშირთან თანამშრომლობისთვის და, შესაძლოა, გაწევრიანებისთვის, ასევე ვიცით, როგორ უნდა ვწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან.

ძალიან ვამაყობ, რომ დღეს მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანთან ერთად სათავე დავუდეთ სომხეთის დიპლომატიური კორპუსის გადამზადების პროგრამას, რომელსაც პოლონელი დიპლომატები და ექსპერტები ახორციელებენ. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი ევროპის კავშირთან იმ მოლაპარაკებებში, რომლებსაც პოლონეთი აწარმოებდა 23-25 წლის წინ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით.

- პოლონეთის გარდაქმნისა და ევროპული ინტეგრაციის გამოცდილებიდან რომელი გაკვეთილები შეიძლება იყოს ყველაზე მეტად გამოყენებადი სომხეთისთვის დღეს?

- ვფიქრობ, აქ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი არსებობს: ღირს ამ კლუბის წევრობა. 35 წლის წინ, როდესაც პოლონეთმა ფაქტობრივად ერთ-ერთმა პირველმა დააღწია თავი კომუნიზმს და დაიწყო თავისი ახალი გზა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და განვითარების დონე უკრაინასთან შედარებადი იყო.

დღეს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-სა და მსყიდველობითუნარიანობის მაჩვენებლით ჩვენ სულ მცირე სამჯერ ვუსწრებთ უკრაინას. პოლონეთი გახდა ევროკავშირის მეექვსე უდიდესი ეკონომიკა და მსოფლიოში - მე-20 უდიდესი ეკონომიკა. და ჩვენ თითქმის 50 პროცენტით უფრო მდიდარი ვართ, ვიდრე ვიქნებოდით, ევროკავშირის წევრი რომ არ ვყოფილიყავით.

პოლონეთის ეკონომიკური წარმატება მართლაც შთამბეჭდავია. 1991 წლიდან მოყოლებული ჩვენ რეცესიის წელი არ გვიხილავს. ერთადერთი გამონაკლისი 2020 წელი იყო - COVID-19-ის პანდემიის წელი, მაგრამ ეს გლობალური პრობლემა გახლდათ. დღეს პოლონელები 5-6-ჯერ უფრო მდიდარნი არიან, ვიდრე მათი წინა თაობა.

რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არ არის ადვილი. ეკონომიკური რეფორმებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადების პირველი წლები ადვილი არ არის. თუმცა პოლონეთისნაირი შრომისმოყვარე, ენერგიული და სამეწარმეო ნიჭით გამოჩენილი ქვეყნისთვის ამ პროცესის სარგებელი უზარმაზარია.

მე სრულად ვარ დარწმუნებული, რომ სომხეთი გაჰყვება პოლონეთის გზას, რადგან თქვენც ძალიან ენერგიული და ამბიციური ხალხი და ქვეყანა ხართ, მრავალი მეწარმით.

- სომხეთი წინ წევს აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესსა და თურქეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას. როგორ აფასებს პოლონეთი ამ კონტექსტში სამხრეთ კავკასიაში სომხეთის ცვალებად როლს და რეგიონულ თანამშრომლობასა და ურთიერთკავშირში სომხეთის შესაძლო წვლილს?

- პოლონეთი მუდმივად უჭერდა მხარს და აგრძელებს მხარდაჭერას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისადმი. ჩვენ მხარს ვუჭერთ TRIPP პროგრამას, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შერიგების დღის წესრიგს. იმავდროულად, ჩვენ გადაჭრით მოვუწოდებთ ჩვენს თურქ მეგობრებს მოაწესრიგონ ურთიერთობები სომხეთთან.

ჩვენ მართლაც გვჯერა, რომ მშვიდობაზე, დემოკრატიულ ღირებულებებსა და თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე დაფუძნებული სამყარო არის ის სამყარო, სადაც ეკონომიკა ვითარდება, ადამიანები უფრო უსაფრთხოდ და ბედნიერად ცხოვრობენ, ხოლო სამყარო უფრო სტაბილური ხდება.

ამიტომ სომხეთს ვუსურვებთ სრულ წარმატებას თავისი მომავლის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით დივერსიფიკაციის გადაწყვეტილებების გზაზე. და ჩვენ არა მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ, არამედ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ იმენად, რამდენადაც სომხეთს ექნება სურვილი.

 

წაიკითხეთ სტატია: EnglishفارسیՀայերենРусскийTürkçe
AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT