ირანი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისი ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ხასიათს და ორმხრივად სასარგებლო მოლაპარაკებებს ელის: ექსკლუზიური
9 წუთი კითხვის
თეირანი არასდროს დაცილებულა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მაგიდას და არც არასდროს უფრთხია მოლაპარაკებებს, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს დარწმუნდეს, რომ ეს პროცესი დროის ფუჭი ხარჯვა არ იქნება. ირანული მხარე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები უნდა იყოს მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული და დაფუძნებული „მოგება-მოგების“ პრინციპზე, როდესაც ყველა მხარე მოგებული რჩება და კმაყოფილია შედეგებით.
„არმენპრესთან“ ინტერვიუში ამის შესახებ განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაეიმ, საუბრისას აშშ-სთან ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობაზე, ასევე ევრო-ტრიოს ქვეყნებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.
ინტერვიუს დროს ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი ასევე შეეხო ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ბოლო აგრესიას და აღნიშნა, რომ აღნიშნული თავდასხმა აგრესიის აქტი იყო საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების ყველა განმარტებით.
ინტერვიუ ჩატარდა თეირანში, 29 ივლისს.
– საღამო მშვიდობის, ბატონო ბაღაეი. მადლობა, რომ დაეთანხმეთ ჩვენს მოწვევას ინტერვიუზე. გთხოვთ, შეაფასოთ რეგიონში შექმნილი სიტუაცია ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ. რა ნაბიჯები გადადგა ირანის მთავრობამ ამ თავდასხმის შედეგების დაძლევის მიზნით?
– მადლობა. ეს იყო აგრესიის აქტი ყველა იმ განმარტებით, რაც არსებობს საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდებაში. ეს იყო უხეში დარღვევა გაეროს წესდების მეორე მუხლის მეოთხე პუნქტისა, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას.
შესაბამისად, ეს შეიარაღებული თავდასხმა ირანის წინააღმდეგ ყველა ასპექტით იყო უკანონო და დანაშაულებრივი. მნიშვნელოვანია, რომ, გარდა იმისა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით იყო უკანონო, ისრაელის რეჟიმმა ეს აგრესია განახორციელა დიპლომატიური პროცესის მიმდინარეობისას. ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს აშშ-სთან და შეხვედრა დაგეგმილი გვქონდა 15 ივნისს, თუმცა თავდასხმა ორი დღით ადრე დაიწყო. ამიტომ ჩვენ ამას დიპლომატიის ღალატს ვუწოდებთ, და ვერავინ წარმოიდგენს, რომ ეს აგრესია განხორციელდა აშშ-ის კოორდინაციისა და მონაწილეობის გარეშე.
ახლა ვცდილობთ, ეს უკანონო ქმედებით წარმოშობილი მდგომარეობა გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის კიდევ უფრო გასაერთიანებლად.
ეს იყო კატასტროფა. არავის სურს ომი ან დაპირისპირება.
თუმცა ამავდროულად, ამ აგრესიამ ირანის ერი გააერთიანა და ნათლად დაანახვა, რომ ისრაელი მათი ნამდვილი მტერია. ეს გვხდის უფრო ძლიერებად, მობილიზებულებად და მზადმყოფებად იმისთვის, რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა ნებისმიერ მომავალ აგრესიას.
– ბატონო ბაღაი, თუ არსებობს რაიმე გარემოება, რომლის ფარგლებშიც თეირანი მზად იქნება განაახლოს მოლაპარაკებები აშშ-სთან ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე?
– ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. როგორც უკვე აღვნიშნე, დიპლომატიური პროცესის ფარგლებში ვიყავით ჩართული. მათ გააკეთეს ისეთი ნაბიჯი, რომლითაც ნულოვანი ნდობა გადაიქცა უარყოფით ნდობად. ამ ეტაპზე ფაქტიურად არანაირი ნდობა არ არსებობს, რადგან მათ ბოროტად გამოიყენეს ეს დიპლომატიური პროცესი.
თუმცა, როგორც ყოველთვის განვაცხადეთ ირანი არასდროს გამჭკნარა მოლაპარაკებების მაგიდა, რადგან ჩვენ გვაქვს სრული ნდობა ჩვენი ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი ხასიათის მიმართ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ბირთვული პროგრამა კანონიერია, ლეგიტიმურია და მასზე მკაცრ ზედამხედველობას ახორციელებს IAEA (ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ევრო-ტრიოსთან (რედ. საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი).
წინა პარასკევს სტამბოლში ჩავატარეთ მორიგი მოლაპარაკებების რაუნდი ევრო-ტრიოსთან. ასე რომ, ჩვენ მოლაპარაკებების არ გვეშინია, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს პროცესი უბრალოდ დროის ფლანგვა არ იქნება. მოლაპარაკებები უნდა იყოს მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული და ეფუძნებოდეს „მოგება-მოგების“ პრინციპს (რედ. სიტუაცია, როდესაც კონფლიქტში ან მოლაპარაკებებში ჩართული ორივე მხარე იღებს სარგებელს და კმაყოფილი რჩება).
– როგორ შეაფასებთ სტამბოლში ევრო-ტრიოს ქვეყნებთან გამართულ მოლაპარაკებებს?
– პირადად მე იქ არ ვიმყოფებოდი, მაგრამ ჩემმა კოლეგებმა დეტალურად მომაწოდეს ინფორმაცია. მათი თქმით, მოლაპარაკებები გულწრფელი და პირდაპირი იყო, რადგან ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ევროპელებისთვის, რომ მათ ძალიან არასათანადო ქცევა აჩვენეს ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ისრაელურ-ამერიკული აგრესიის დროს. გაეროს თითოეული წევრი სახელმწიფოს ვალდებულებაა, ძლიერი პოზიცია დაიკავოს, როდესაც სხვა წევრ სახელმწიფოზე უკანონო თავდასხმა ხორციელდება. ეს არის კოლექტიური უსაფრთხოების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია გაეროს წესდებაში. მათ ეს არ გააკეთეს. ჩვენი მინიმალური მოლოდინი იყო, რომ როცა ისინი შეესწრნენ ჩვენს მშვიდობიან ბირთვულ პროგრამაზე ისრაელის რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ უკანონო თავდასხმებს, რეაგირება უნდა ჰქონოდათ.
ეს იყო მათი საერთო ვალდებულება გაეროს წესდებით, და ასევე კონკრეტული ვალდებულება, როგორც JCPOA-ს (რედ. შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წელს გაფორმდა ირანსა და აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და ჩინეთის მიერ. შეთანხმებას ასევე შეუერთდნენ ევროკავშირი და გაერო) მონაწილე მხარეების. მათ რეაგირება უნდა მოეხდინათ. მათ უნდა დაეგმოთ ეს თავდასხმები. ისინი თავად არიან გაეროს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის მონაწილეები, რომელიც 2015 წელს კონსენსუსით იქნა მიღებული ევრო-ტრიოს მონაწილეობით. მათ ვალდებულება ჰქონდათ, ეთქვათ ხმა ამ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც ისრაელმა და აშშ-მა განახორციელეს. მაგრამ ეს არ გააკეთეს. უფრო მეტიც ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის გერმანია, ცდილობდა ამ აგრესიის გამართლებას. ეს კი აბსოლუტურად მიუღებელია. ჩემი კოლეგები ამ შესაძლებლობით სარგებლობდნენ, რათა შეეხსენებინათ მათ, რომ ვერ შეასრულეს გაეროს წესდებით ნაკისრი იურიდიული ვალდებულება – დაგმობოდნენ აგრესიის აქტს.
რაც შეეხება ბირთვულ საკითხს, მხარეებმა გააცვალეს იდეები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მოლაპარაკებების გაგრძელება და დიალოგის განახლება ორი კონკრეტული ასპექტის გარშემო, პირველი: სანქციების მოხსნა და მეორე: ირანის მხრიდან გამჭვირვალობის ზომების მიღება იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ინარჩუნებს. არსებითად, მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა იდეა და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ შეხვდებიან.
– როდის გაიმართება ეს შეხვედრა?
– არ ვიცი. ისინი კონტაქტზე არიან. ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი არ არის განსაზღვრული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შეხვედრა დიდად არ გადავადდება.
– ხედავთ თუ არა საფრთხეს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები შეიძლება განახლდეს?
– ნახეთ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ისრაელის რეჟიმის საფუძველი ყოველთვის ტერორი და ომი იყო. თუ ისრაელის რეჟიმის ისტორიას ბოლო რვა ათწლეულის განმავლობაში დააკვირდებით, დაინახავთ, რომ მათ არასოდეს დაუყოვნებიათ ომისა და აგრესიის დაწყება რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ.
ამიტომ, ჩვენ ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ნებისმიერ მომენტში მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის.







