აშშ-მა პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა
3 წუთი კითხვის

შეერთებულმა შტატებმა პირველად აღიარა, რომ დედამიწის ორბიტაზე თავდასხმითი იარაღი განათავსა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იუწყება.
საჰაერო, კოსმოსური და კიბერომის კონფერენციაზე გამოსვლისას, სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრმა ტროი მეინკმა განაცხადა, რომ ეს იარაღი აუცილებელია ამერიკული ძალების „მზარდი საფრთხეებისგან“ დასაცავად. მას იარაღის შესაძლებლობების შესახებ დეტალები არ დაუზუსტებია და არც ის აღუნიშნავს, თუ როდის იქნა ისინი ორბიტაზე გაყვანილი.
აქამდე ამერიკელი ოფიციალური პირები მხოლოდ კოსმოსში სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების განზრახვაზე საუბრობდნენ, უთითებდნენ რა რუსულ და ჩინურ პროგრამებზე, რომლებიც „მიზნად ისახავენ სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ამერიკულ თანამგზავრებზე თავდასხმასა და მათ მწყობრიდან გამოყვანას“.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ რაკეტებისა და აშშ-ის ტერიტორიისთვის შემქნელი სხვა სამიზნეების გადასაჭერად განკუთვნილი სისტემა „ოქროს გუმბათი“ (Golden Dome) მოიცავს კოსმოსურ კომპონენტს, მათ შორის გამჭერ რაკეტებს.
1967 წელს სსრკ-მა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას კოსმოსში მასობრივი განადგურების იარაღის განთავსების აკრძალვის შესახებ. მიუხედავად ამისა, ის არ ეხება ჩვეულებრივი იარაღის ტიპებს და ბოლო წლებში რუსეთი, ჩინეთი და შეერთებული შტატები ავითარებენ სხვადასხვა შესაძლებლობებს მოწინააღმდეგის თანამგზავრებზე დარტყმისთვის, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კავშირის, დაზვერვისა და ნავიგაციისთვის.
გამოცემის თანახმად, ხელშეკრულება კოსმოსის, მათ შორის მთვარისა და სხვა ციური სხეულების გამოკვლევასა და გამოყენებაში სახელმწიფოთა საქმიანობის მარეგულირებელი პრინციპების შესახებ ღიაა სხვა ქვეყნების ხელმოსაწერად.
2019 წელს შეერთებულმა შტატებმა 70 წლის განმავლობაში პირველად შექმნა შეიარაღებული ძალების ახალი შტო - კოსმოსური ძალები. 2025 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც კოსმოსურ ძალებს შეუძლიათ განახორციელონ არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ თავდასხმითი მისიებიც.
კოსმოსური ძალების წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ მიზნებისთვის მათ გააჩნიათ „კინეტიკური და არაკინეტიკური შესაძლებლობები“.
2024 წელს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთმა გაუშვა თანამგზავრი, რომელსაც, სავარაუდოდ, შეუძლია სხვა თანამგზავრებზე თავდასხმა. რუსეთს აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
აშშ-ის კოსმოსურ ძალებში აღნიშნავენ, რომ ჩინეთი „სამხედრო მოდერნიზაციის სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშავებს და იყენებს კოსმოსურ და ანტიკოსმოსურ შესაძლებლობებს“, ხოლო რუსეთი „კოსმოსს განიხილავს როგორც საბრძოლო მოქმედებათა თეატრს და კოსმოსში ბატონობას გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს მომავალ კონფლიქტებში“.