სომხეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
3 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროში სომხეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა, რომელთაც სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი მარჩინ ბოსაცკი უძღვებოდნენ.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„თანამოსაუბრეებმა მაღალი შეფასება მისცეს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ პოლიტიკურ დიალოგს და ხაზი გაუსვეს თებერვალში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვარშავაში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტსა და ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი დღის წესრიგის საკითხთა ფართო სპექტრზე და აღინიშნა მზადყოფნა ურთიერთობების თვისობრივად ახალ დონეზე ასაყვანად. სომხეთის ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაციის კონტექსტში, ვაჰან კოსტანიანმა და მარჩინ ბოსაცკიმ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების, ორმხრივი ინვესტიციების წახალისებისა და ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კავშირების განმტკიცების შესაძლებლობები განიხილეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
თანამოსაუბრეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავებას მაღალი ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, დემოკრატიული მდგრადობის განმტკიცების, ასევე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობას აღნიშნეს.
სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების კონტექსტში, სახელმწიფო მდივანმა ბოსაცკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მზადყოფნა, ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით მხარი დაუჭიროს სომხეთის ევროპულ დღის წესრიგს.
„აზრთა გაცვლა-გამოცვლა ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს შეეხო. ვაჰან კოსტანიანმა პოლონელ კოლეგას წარუდგინა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის შედეგად შექმნილი ეკონომიკური და ურთიერთკავშირის განვითარების ახალი შესაძლებლობები, მათ შორის TRIPP პროექტის განხორციელების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები. ვაჰან კოსტანიანი და მარჩინ ბოსაცკი მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ სომხეთის ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ფარგლებში, პოლონეთის მთავრობის მიერ სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროსთვის ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც ხაზი გაესვა ორ ქვეყნის უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროგრამების განხორციელებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.