სომხეთი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას ფასის მიუხედავად განახორციელებს - ფაშინიანი
4 წუთი კითხვის

სომხეთი, ბუნებრივი გაზის ფასის შესაძლო ცვლილების მიუხედავად, გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის პოლიტიკას გააგრძელებს. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ თუ გაზის მეორე ან მესამე წყაროდან მიღების შესაძლებლობა იქნება, სომხეთი ამ გზით წავა, ხოლო TRIPP პროექტის ფარგლებში შესაძლო გაზსადენს ქვეყნისთვის ტრანზიტული შემოსავლის უზრუნველყოფაც შეუძლია.
„სომხეთში გაზი იაფი არ არის. საზღვრიდან მომხმარებლამდე მიღწევის გზაზე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სომხეთში ფასწარმოქმნის ყველაზე დიდი დანამატი ხდება“, - განაცხადა ფაშინიანმა გაზის შესაძლო გაძვირების შემთხვევაში მოქალაქეებზე დამატებითი ტვირთის ზეგავლენის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გაზპრომ არმენია“ მომგებიანი კომპანიაა.
„მინდა ვთქვა, რომ კომპანია „გაზპრომ არმენია“ მომგებიანი კომპანიაა. ეს კომპანია დიდ მოგებას იღებს. და ესეც ფაქტია, რომელიც ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ“, - აღნიშნა მან.
ფაშინიანის თქმით, მთავრობა დივერსიფიკაციის პოლიტიკით იხელმძღვანელებს არა მხოლოდ გაზის, არამედ სხვა სფეროებშიც.
„არ არსებობს ისეთი სფერო, სადაც ჩვენ დივერსიფიკაციის გზით არ წავალთ. ასეთი სფერო არ არსებობს. და ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება ის არის, რომ განვავითარებთ ჩვენს დამოუკიდებლობას, განვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. დანარჩენი მიმდინარე საკითხებია და კონკრეტულ სიტუაციებს შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული პასუხები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შესაძლო გაძვირების შემთხვევაში მთავრობის ნაბიჯებზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები კონკრეტულ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
„თუ იქნება ასეთი სიტუაციები - გაძვირების, ჩვენც შევხედავთ, რისი გაძვირება შეგვიძლია, ან რა არის ისეთი, რაც აქამდე უფასოა და ამის შემდეგ შეიძლება პროპორციულად ფასი გაჩნდეს. ასე რომ, ნორმალურად ვეკიდებით, მშვიდ სამუშაო ატმოსფეროში უნდა და შეგვიძლია განვიხილოთ“, - განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გაზის ფასის შემდგომი განვითარებისგან დამოუკიდებლად, მთავრობა შეეცდება მიწოდების შესაძლებლობების გაფართოებას.
„ჩვენ განვახორციელებთ დივერსიფიკაციას ყველაფრის მიუხედავად. გაძვირდება, არ გაძვირდება, რაც არ უნდა მოხდეს - ჩვენ გავაკეთებთ დივერსიფიკაციას. თუ იქნება შესაძლებლობა მეორე ადგილიდან გაზის მოყვანის, ჩვენ წავალთ ამ გზით. თუ არის შესაძლებლობა მესამე ადგილიდან მოყვანის, წავალთ ამ გზით“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ამ კონტექსტში მან ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტზე „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ - TRIPP.
„თუ არის შესაძლებლობა, რომ TRIPP-ით გაზსადენმა გაიაროს სომხეთზე, რომლითაც მათ შორის სატრანზიტო გადასახადებს მივიღებთ, ამ გზითაც შეგვიძლია წასვლა. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი გასაკეთებელი ყველა შესაძლო სცენარის შემთხვევაში“, - დაასკვნა პრემიერ-მინისტრმა.
გაზის შესაძლო გაძვირების თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 8 სექტემბერს ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა თაგუჰი ყაზარიანმა, ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ, განაცხადა, რომ გაზის გაძვირება არ უნდა იყოს წარმოდგენილი „როგორც სამყაროს დასასრული“ და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში სომხეთს შეუძლია უფრო მაღალ ფასად მოიხმაროს გაზი, ხოლო მოქალაქეებს „ექნებათ როგორც გაზი, ისე გაზის ფული“.