სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მიიღო
2 წუთი კითხვის

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარე ართურ ნაჰაპეტიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს, დამიენ კოტიესა და დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც სომხეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.
როგორც „არმენპრესი“ ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, მხარეებმა განიხილეს ანტიკორუფციული კომიტეტის უფლებამოსილებები სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო ხასიათის დანაშაულების გამოძიების კუთხით. ხაზი გაესვა კომიტეტის განსაკუთრებულ როლს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობისა და კანონიერების უზრუნველყოფაში, ასევე მუშაობის ეფექტიან კოორდინაციას არსებულ რისკებზე სწრაფი და თანმიმდევრული რეაგირებისთვის.
ართურ ნაჰაპეტიანმა აღნიშნა, რომ კომიტეტი, როგორც ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციების მქონე ერთადერთი წინასწარი გამოძიების ორგანო, აქტიურ და თანმიმდევრულ ბრძოლას აწარმოებს საარჩევნო ხასიათის დანაშაულების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიმართულებით.
სტრუქტურის მიერ ბოლო პერიოდში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ გამოვლენილ ფაქტებზე საუბრისას, კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ისინი ძირითადად ქრთამის მიცემის, აღებისა და ქველმოქმედების აკრძალვის დარღვევის შემთხვევებს ეხება.