იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლო მომავალში ეს პროექტი რეალობად იქცევა -სიუნიქის გუბერნატორი TRIPP-ის დაწყების შესახებ
1 წუთი კითხვის

სომხეთის სიუნიქის ოლქის გუბერნატორი რობერტ ღუკასიანი TRIPP-ის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების ადგილიდან, მეღრის თემიდან, მოკლე მიმართვით გამოვიდა.
„არმენპრესის“ ცნობით, სიუნიქის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მოსამზადებელ სამუშაოებს მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მოჰყვება.
„ვიმყოფები მეღრის თემში, სადაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთის უმსხვილესი პროგრამის, TRIPP პროექტის, დაწყება ხორციელდება. ამ დროისთვის სამუშაოები უკვე რამდენიმე მონაკვეთზე დაიწყო. ეს ისტორიული მოვლენაა, რომელიც მიმართულია რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და სომხეთის ეკონომიკური განვითარებისკენ.
მოსამზადებელ სამუშაოებს მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მოჰყვება. იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლო მომავალში ეს პროექტი უკვე რეალობად იქცევა სომხეთის ხანგრძლივი მშვიდობისა და განვითარების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა რობერტ ღუკასიანმა.
„ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 23 ნოემბერს სპეციალური მიმართვებით გამოვიდნენ.