ნიკოლ ფაშინიანმა მიმართვით TRIPP პროექტის დაწყება გამოაცხადა
4 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პროექტის, „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), დაწყებასთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვით გამოვიდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის სიუნიქის ოლქში დღეს დაიწყება TRIPP-ის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები.
„უდიდესი პატივი მაქვს გაცნობოთ სომხეთისა და აშშ-ის მთავრობების მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტის, „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), და რეგიონული განბლოკვის პრაქტიკული ეტაპის დაწყების შესახებ, რაც ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა სომხეთის რესპუბლიკის უახლეს ისტორიაში.
ჩვენ ვიწყებთ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთის უმსხვილესი ეკონომიკური პროექტის სამუშაოებს. სომხეთის რესპუბლიკის სიუნიქის ოლქში დღეს დაიწყება TRIPP-ის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები.
სულ რაღაც ერთი წლის წინ, 2025 წლის 8 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებულ ვაშინგტონის მშვიდობის სამიტს გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციისა და დღევანდელი უპრეცედენტო რეალობის დამკვიდრებისთვის.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩემსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის ხელმოწერილმა ერთობლივმა დეკლარაციამ შესაძლებელი გახადა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის ფურცლის გადაშლა და გზა გაუკაფა ხანგრძლივ მშვიდობასა და სტაბილურობას.
ვაშინგტონის მშვიდობის სამიტის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი სწორედ TRIPP-ია, რომელიც მიმართულია სამხრეთ კავკასიაში შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო დაკავშირებადობის შექმნისკენ - ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის სრული პატივისცემის საფუძველზე. გარდა აზერბაიჯანისა და ამ ქვეყნის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ერთმანეთთან დაკავშირებისა და სომხეთის რესპუბლიკისთვის საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივი დაკავშირებადობის განვითარების ორმხრივად მომგებიანი უპირატესობებისა, TRIPP-ს უდიდესი რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა ექნება, რაც დამატებით სიცოცხლისუნარიანობას შესძენს ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტსა და დასავლეთ-აღმოსავლეთის დაკავშირებადობას.
მშვიდობის გარდა, TRIPP პროექტს ექნება გამორჩეული მნიშვნელობა სომხეთის ეკონომიკურ წინსვლაში; იგი არსებითად შეუწყობს ხელს სომხეთის საგარეო ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას, სომხეთის ბიზნესგარემოს განვითარებასა და ინვესტიციების წახალისებას.
ძვირფასო თანამემამულენო, მიმდინარე მოვლენები წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სამშვიდობო და რეგიონული სტაბილურობის დამყარების დღის წესრიგის, პროექტ „მშვიდობის გზაჯვარედინისა“ და ასევე უფრო აყვავებული და ურთიერთდაკავშირებული სომხეთის ხედვის სიცოცხლისუნარიანობის უტყუარ დასტურს.
დღეს, ჩვენ თვალწინ რეალობად ქცეული ინიციატივების უკან დგას სომხეთის მოქალაქეების გადამწყვეტი ხმა, რომელთა ნებაც ჩვენი მთავრობის საიმედო საყრდენი და ერთადერთი მფარველია. მშვიდობიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის შესახებ ჩვენი თანამემამულეების მისწრაფებები და სურვილები წარმოადგენს ჩვენი მთავრობის გზამკვლევს, რაც ჩვენს ყველა ქმედებას სომხეთისა და მისი ხალხის განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემოს შექმნისკენ მიმართავს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას და წარმატებულ მსვლელობას ვუსურვებ TRIPP პროექტის განხორციელების სამუშაოებს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.