ფაშინიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან საკონსტიტუციო რეფერენდუმთან დაკავშირებით ოპოზიციისადმი მიმართული წინადადება გაიმეორა
4 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული ასამბლეის ტრიბუნიდან გაიმეორა საკონსტიტუციო რეფერენდუმთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის გაკეთებული შეთავაზება.
„არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანი ამ თემას ეროვნულ ასამბლეაში სომხეთის რესპუბლიკის 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას წარმოთქმულ დასკვნით სიტყვაში შეეხო.
„გთავაზობთ, რომ ოპოზიციამ უზრუნველყოს საჭირო 6 ხმა და წავიდეთ ახალი კონსტიტუციის მიღების რეფერენდუმზე. ოფიციალურად ვაცხადებ: თუ ხალხი ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას, ანუ ჩემი არგუმენტები ჩვენი საზოგადოებისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდება, რეფერენდუმის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში გადავდგები. თუ ხალხი მხარს დაუჭერს კონსტიტუციას, კვლავ ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მომდევნო არჩევნებზე - იქნება ეს მორიგი თუ რიგგარეშე - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არ დავსახელდები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან დასძინა, რომ ოპოზიცია, როგორც ჩანს, ამ წინადადებას არ იღებს, თუმცა თავად ამ შეთავაზებას კვლავ ღიად ტოვებს.
„ეს ღია შეთავაზებაა და მსურს, იგი განვიხილო იმ არგუმენტების კონტექსტში, რომლებსაც ოპოზიცია ამ პერიოდში სხვადასხვა საბაბით აჟღერებდა. რას ამბობს ეს ხალხი: 2026 წლის ივნისის არჩევნების შედეგების ჩრდილში მოქცევა სურთ, ლეგიტიმურობის საკითხს აყენებენ, აღარ ვიცი, რას აკეთებენ.
ძალიან კარგი, არის მსგავსი პრობლემა? აბა ამაზე უკეთესი საბაბი რაღა გინდათ?! თანაც ამბობენ, რომ სომხეთში დიქტატურაა. სად გინახავთ დიქტატურა, რომელიც არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ოპოზიციას რეფერენდუმზე წასვლას სთავაზობს - თანაც, არსებითად, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფასად?! სად გინახავთ მსგავსი რამ?! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დიქტატურა რომ ყოფილიყო, რისთვის მოგმართავდით: ხელებში ჩაგავლებდით და ხმას ისე მიგაცემინებდით - ასეთი დიქტატურა სად გინახავთ?“ - თქვა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო ზოგიერთი ოპოზიციონერი მოღვაწის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თავის დროზე სომხეთის მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც აცხადებდა, თითქოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეტენზიას არ განაცხადებდა, თუმცა შემდეგ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა და ამ გაგებით ისტორია მეორდება.
„ან ამბობენ: სერჟ სარგსიანმაც თქვა, ისტორია მეორდება, ჩვენ არ ვენდობითო... სერჟ სარგსიანმა თქვა და არ გააკეთა, რის გამოც რევოლუცია მოხდა; ხოლო თუ მეც ვიტყვი და არ შევასრულებ, თქვენთვის ამაზე უკეთესი საჩუქარი რაღა უნდა იყოს?! საკუთარი ხელით შევქმნა რევოლუციური ვითარება, ლანგრით მოგართვათ და თქვენ უარს ამბობთ?! ჩვენ საჯარო გეგმას ვთავაზობთ, ისინი კი მხოლოდ ფარული გეგმით ხელმძღვანელობენ. მე ვამბობ, რომ ამ საკითხზე ჩემს პოლიტიკურ სანდოობას ვდებ სასწორზე, ისინი კი მპასუხობენ: თქვენ პოლიტიკური სანდოობა არ გაგაჩნიათო. ძალიან კარგი, თუ პოლიტიკური სანდოობა არ გვაქვს, ამის დამტკიცების უმოკლესი გზა რა არის?! მე ვეუბნები: გაძლევთ ჩემი ჩამოშორების შესაძლებლობას-მეთქი, ისინი კი მპასუხობენ: არასდროს, ჩვენ თვითონ გაგაძევებთო, იბუტებიან, დარბაზს ტოვებენ და მიდიან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო ახალი კონსტიტუციის პროექტს 23 ნოემბერს გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხალხს სპეციალური მიმართვით მიმართავს.