დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები უკრაინასთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებენ։ კირ სტარმერი
3 წუთი კითხვის

ლონდონში, 2 მარტს გამართულ შეხვედრაში მონაწილე ევროპის ქვეყნების და კანადის ლიდერებმა განიხილეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულების სამომავლო გეგმა, ასევე პირობა დადეს, რომ განაგრძობენ კიევისთვის დახმარების გაწევას და მოსკოვზე ზეწოლას. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
„ბოლო დღეების ჩემი შეხვედრების განმავლობაში შევთანხმდით, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები უკრაინასთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებენ. შემდეგ ჩვენ ამ გეგმას აშშ-თან განვიხილავთ და ერთად წინ წავწევთ“, – სტარმერის სიტყვებს ციტირებს „ინტერფაქსი“.
პრესკონფერენციაზე მან ასევე აღნიშნა, რომ 2 მარტს ქვეყნების ლიდერები ამ ინიციატივის განსახილველად შეიკრიბნენ.
სტარმერმა ჩამოთვალა რამდენიმე ნაბიჯი, რომელთა შესახებაც შეხვედრაში მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ. ესენია: უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება და რუსეთისთვის ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს. კონფლიქტის დასრულების შეთანხმების შემთხვევაში, ევროპის ქვეყნები გეგმავენ, გააგრძელონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.
გარდა ამისა, სტარმერმა განაცხადა „მსურველთა კოალიციის“ შექმნის განზრახვის შესახებ, რომლის მიზანი იქნება შეთანხმების პირობების დაცვა და უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფა. მასში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ქვეყანა, რომელიც ამისთვის მზად იქნება. ამ ინიციატივის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი მზად იქნება, კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეები და თვითმფრინავები გაგზავნოს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ძალისხმევა წარმატებით განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ მას მხარს დაუჭერს.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ლიდერები „ძალიან მალე“ კვლავ შეხვდებიან გეგმის დეტალების განსახილველად.
ამასთან, სტარმერმა გააცხადა შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც უკრაინა შეძლებს, 1.6 მილიარდი ფუნტ სტერლინგის ბრიტანული ექსპორტის დაფინანსება გამოიყენოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის 5000 რაკეტის შესაძენად.