მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
2 წუთი კითხვის

ბრიტანელი ეთელ ქატერჰემი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ცოცხალ ადამიანად ითვლება, თავის 117-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. „არმენპრესის“ ცნობით, BBC იუწყება, რომ ხანდაზმული ქალი, რომელიც ლონდონის მახლობლად, სურეის საგრაფოს მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს, დაბადების დღეს ოჯახსა და ახლობლებთან ერთად აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით გინესის რეკორდების წიგნმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქატერჰემი ოფიციალურად ცნეს პირველ ბრიტანელად, რომელსაც 117 წელი შეუსრულდა.
ქატერჰემი დაიბადა 1909 წლის 21 აგვისტოს ჰემპშირის საგრაფოში. მან გადაიტანა ორი მსოფლიო ომი და მეფე ედუარდ VII-ის (1841-1910) ქვეშევრდომთაგან უკანასკნელია.
18 წლის ასაკში ქატერჰემი ინდოეთში გადავიდა, სადაც ძიძად მუშაობდა. მოგვიანებით თავის სამხედრო მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ჰონგ-კონგსა და გიბრალტარში, სადაც მისი ქმარი მსახურობდა. ინგლისში დაბრუნების შემდეგ მას ორი ქალიშვილი შეეძინა.
ქატერჰემმა იცოცხლა არა მხოლოდ თავის ქმარზე დიდხანს, რომელიც 1976 წელს გარდაიცვალა, არამედ თავის ქალიშვილებზეც, რომლებიც გარდაიცვალნენ შესაბამისად 2000-იანი წლების დასაწყისსა და 2020 წელს. მისი და, გლედის ბებილასი, ასევე ხანდაზმული იყო: იგი გარდაიცვალა 2002 წლის მარტში, 107 წლის ასაკში.
გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალური მონაცემების თანახმად, სიცოცხლის ხანგრძლივობის აბსოლუტური რეკორდი ეკუთვნოდა ფრანგ ჟანა კალმანს. 1997 წლის აგვისტოში გარდაცვალების მომენტში იგი 122,5 წლის იყო.