ევროკავშირმა საქართველოს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ოპერირებაზე აკრძალვა დააწესა
2 წუთი კითხვის

ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში შავ სიაში შეიყვანა ყულევის პორტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში, რომელიც ევროკავშირის „ოფიციალურ ჟურნალში“ გამოქვეყნდა.
დასაბუთებაში ნათქვამია, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სავარაუდოდ, დაკავებულია რუსული ნავთობის ვაჭრობითა და გადამუშავებით, რითაც ხელს უწყობს ანტირუსული სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას. აღნიშნულია, რომ აკრძალვა ძალაში 2027 წლის 25 იანვრიდან შევა.
ევროკავშირის ქვეყნებმა ათდღიანი დაძაბული განხილვების შემდეგ, 23 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას თქმით, ახალი პაკეტი მიმართულია ენერგეტიკის, ფინანსური მომსახურების, კრიპტოვალუტებისა და ვაჭრობის წინააღმდეგ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ სიაში შევიდა კიდევ 32 რუსული ბანკი, რომლებთანაც ტრანზაქციები აიკრძალება. ასევე, სანქციების სიაში მოხვდნენ ნავთობით მოვაჭრე პლატფორმები, კრიპტოკომპანიები, ხოლო საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. გარდა ამისა, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი ერთი წლით გაიყინა ერთ ბარელზე 44 დოლარის ნიშნულზე, რათა მოსკოვმა ბაზრის შოკებისგან სარგებელი არ მიიღოს.