4 წუთი კითხვის
სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია და „ფუტბოლ ინვესტმენტ გრუპი“ (Football Investment Group) პროექტ „ბენფიკას აკადემია სომხეთის“ დაწყების შესახებ აცხადებენ, რომლის ფარგლებშიც, 2027-2028 წლების სეზონიდან, ერევანში საქმიანობას დაიწყებს ცნობილი პორტუგალიური კლუბის, „ბენფიკას“ (Sport Lisboa e Benfica) ოფიციალური აკადემია.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
პროექტი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრ-აკადემიის ბაზაზე განხორციელდება, რომლის ნაწილიც სფფ-მ გრძელვადიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა შპს „ფუტბოლ ინვესტმენტ გრუპს“ აღნიშნული პროგრამის რეალიზაციის მიზნით. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ინიციატივის განსაკუთრებული მასშტაბითა და სომხური ფეხბურთის განვითარებისთვის მისი სტრატეგიული მნიშვნელობით, აგრეთვე იმ ფაქტით, რომ „ბენფიკას“ აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საფეხბურთო აკადემიად ითვლება.
„ბენფიკას აკადემია სომხეთი“ კლუბის საერთაშორისო აკადემიების ქსელში რიგით მხოლოდ მესამე მსგავსი განვითარების ცენტრი იქნება, რომელიც ინვესტიციების მოცულობით, ინფრასტრუქტურული აღჭურვილობითა და დაგეგმილი დაახლოებით 1000 აღსაზრდელით, შეედრება კლუბის მიერ დღემდე განხორციელებულ უმსხვილეს საერთაშორისო აკადემიურ პროექტებს.
ეს ინიციატივა სრულად შეესაბამება სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის გრძელვადიან სტრატეგიას, რომლის საკვანძო მიმართულებებია ბავშვთა და მოზარდთა ფეხბურთის განვითარება, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა, სამწვრთნელო განათლების სრულყოფა და სომხეთში არსებული თანამედროვე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენება.
მხარეთა შეთანხმების თანახმად, აკადემიის მუშაობის დაწყებამდე იგეგმება სფფ-ის ტექნიკური ცენტრის ინფრასტრუქტურის მასშტაბური მოდერნიზაცია. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ექვსი საფეხბურთო მოედნის კაპიტალური რემონტი, ორი ახალი ხელოვნურსაფრიანი მოედნის მოწყობა, სტადიონის განახლება, განათების სისტემის სრული შეცვლა და ყველა სავარჯიშო მოედნის განათებით უზრუნველყოფა, სპორტული დარბაზისა და გასახდელების რეკონსტრუქცია, აგრეთვე ახალი, კომფორტული სივრცეების შექმნა სპორტსმენებისა და მშობლებისთვის. მომდევნო ეტაპზე კი იგეგმება ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სპორტული შედეგების გაუმჯობესების ზონებს, საკონფერენციო დარბაზებსა და სხვა ინფრასტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი დონის სპორტულ გარემოს.
აკადემია ფუნქციონირებას 4-დან 17 წლამდე ასაკის დაახლოებით 1000 ახალგაზრდა ფეხბურთელით დაიწყებს. პროგრამა „ბენფიკას“ ტექნიკური ზედამხედველობითა და მეთოდოლოგიით წარიმართება, რაც უზრუნველყოფს მწვრთნელების მუდმივ გადამზადებას, მოთამაშეთა განვითარების ერთიან სისტემას და სომეხი სპეციალისტებისთვის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
„დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი სტრატეგიული ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სომხური ფეხბურთის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას და სომხეთის პოზიციების განმტკიცებას რეგიონულ საფეხბურთო რუკაზე.
პროექტი „ბენფიკას აკადემია სომხეთი“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში საერთაშორისო დონის საფეხბურთო გარემოს ჩამოსაყალიბებლად და ასახავს სფფ-ის თანმიმდევრულ პოლიტიკას - მოიზიდოს მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო ორგანიზაციების გამოცდილება და ცოდნა.
მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვან ღირებულებას შექმნის სომხური ფეხბურთისთვის და ხელს შეუწყობს იმას, რომ სომხეთი ეტაპობრივად იქცეს საფეხბურთო განათლებისა და ნიჭის განვითარების ერთ-ერთ წამყვან ცენტრად რეგიონში“, - აღნიშნა სფფ-ის პრეზიდენტმა არმენ მელიქბეკიანმა.