ყარაბაღის მოძრაობის გაგრძელება ნიშნავს ომს, ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი - ნიკოლ ფაშინიანი

6 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი: აგრძელებს თუ არა სომხეთი ყარაბაღის მოძრაობას.

„არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.

„მინდა შევეხო მშვიდობისა და ომის თემას, ბოლო დროს ჩემ მიერ გაკეთებული აქცენტების თვალსაზრისით. ახლა ნახეთ, სომხურ რეალობაში, როდესაც სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა საბაბით საუბრობენ არცახის რესპუბლიკაზე, არცახის პრობლემაზე და ა.შ., ჩვენ უნდა გვესმოდეს ამ სიტყვების რთული კონსტრუქციები, უნდა გვესმოდეს, რაზეა საუბარი. ანუ სიტყვას აქვს ფასი და აქვს შედეგი, სიტყვა არის მოქმედება ან მოქმედების გეგმა. როდესაც ამ გამოთქმებს ვიყენებთ, უნდა გვესმოდეს, რა არის ამის შემდეგი ნაბიჯი.

როდესაც ეს ფრაზა ჟღერს - იქნება ეს ეკლესიის საკურთხევლიდან, სამეცნიერო ლოგიკით, საჯარო თუ ნებისმიერი სხვა ლოგიკით, უბრალოდ არ არსებობს ვარიანტი, რომ ამან ადრე თუ გვიან კონფლიქტი არ გამოიწვიოს. არ ვამბობ ხვალ ან ორშაბათს, მაგრამ ეს გარკვეულ მომენტში გამოიწვევს კონფლიქტს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან დასძინა, რომ უნდა იქნას მიღებული მკაფიო გადაწყვეტილება - აგრძელებს თუ არა სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტს, რადგან ახლა პოლიტიკური ველი სწორედ ამ ლოგიკით არის განლაგებული: მშვიდობის პარტია, რომელიც ამბობს, რომ ყარაბაღის მოძრაობა არ უნდა გაგრძელდეს, და ომის პარტია, რომელიც არსებითად, პირდაპირ თუ ირიბად ამბობს, რომ ყარაბაღის მოძრაობა უნდა გაგრძელდეს.

„და მე მკაფიოდ ვამბობ, რომ კტრიჭ ნერსისიანმა აიღო ომის პარტიის ლიდერობა, დანარჩენები - ლევონ ტერ-პეტროსიანი, რობერტ ქოჩარიანი, სერჟ სარგსიანი და სხვები, ამავე ლოგიკაში ჯდებიან. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ძალიან მკაფიო არჩევანი: ვაგრძელებთ ყარაბაღის მოძრაობას თუ არა; თუ ვაგრძელებთ, ეს ნიშნავს ახალ ომს, სხვანაირად ვერ იქნება.

ამასთან, 2020 წლამდეც ომი იყო, უბრალოდ მშვიდობა იმდენად უცნობი იყო ჩვენთვის, რომ მშვიდობასა და ომს ერთმანეთისგან ვერ ვასხვავებდით, მხოლოდ ახლა ვიწყებთ გარჩევას.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს არჩევანი. როცა ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ, რომ ხალხმა უნდა გააკეთოს ეს არჩევანი. ხალხმა მოახლოებული არჩევნებით უნდა თქვას: აგრძელებს ის ყარაბაღის მოძრაობას თუ არა. იმიტომ, რომ თუ აგრძელებს ყარაბაღის მოძრაობას, ეს ნიშნავს, რომ ხმა უნდა მისცეს კტრიჭ ნერსისიანის პირამიდის ქვეშ მყოფ ძალებს; თუ არ აგრძელებს ყარაბაღის მოძრაობას, ხმა უნდა მისცეს პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულებას“, რადგან „სამოქალაქო ხელშეკრულება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ამბობს, რომ ყარაბაღის მოძრაობა არ უნდა გავაგრძელოთ, მეორე ასეთი ძალა არ არსებობს“, - აღნიშნა პრემიერმა.

მან ასევე დაამატა, რომ ხალხმა უფრო ფართო ჭრილშიც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება:

„„სამოქალაქო ხელშეკრულება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ამბობს, რომ ახალ კონსტიტუციაში დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითება არ უნდა იყოს. რატომ? იმიტომ, რომ ეს არ არის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ეს არის კონფლიქტის დეკლარაცია, რადგან ამით ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფოს ვქმნით არა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად, არამედ სახელმწიფოს ვაფუძნებთ მთიანი ყარაბაღისა და დასავლეთ სომხეთისთვის. ეს არის კონფლიქტის დეკლარაცია და თუ ამ გზით წავალთ, კონფლიქტი გარდაუვალია. ყოველდღიურ საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვენ ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მე, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი და პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ გამგეობის თავმჯდომარე, მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ ეს აღარ უნდა გავაგრძელოთ.

ვიცი, ახლაც იტყვიან, და წინააღმდეგი არ ვარ, თქვან: „აბა იმ დროს ყარაბაღთან დაკავშირებით რას ამბობდი, არ ვიცი რასთან დაკავშირებით რას ამბობდიო“. დიახ, ვამბობდი, ვამბობდი და ეს აჩვენებს, რომ მე იმ რეალობას მოწყვეტილი არ ვყოფილვარ, მე იმ რეალობის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ, ეს აჩვენებს, რომ მაქსიმუმი გავაკეთე ამ დღის წესრიგისთვის. რაც იყო, უკვე იყო. საუბარია იმაზე, რაზე ვლაპარაკობდი 2018-2019 წლებში და ის ხალხი როგორ რეაგირებდა ამაზე. მაგრამ დღევანდელი ეთერის აზრი ძალიან მკაფიოა: სიტყვას აქვს ძალა, სიტყვას აქვს შედეგი, სიტყვას აქვს შინაარსი და სიტყვა თავის თავში მოიცავს მოქმედებას. ისინი, ვინც საუბრობენ ყარაბაღის სომხების დაბრუნების უფლებაზე - აზერბაიჯანიც თავის მხრივ ამბობს: ჩვენც გვყავს ხალხი, ვისაც დაბრუნების უფლება აქვსო; იცით, რა სახელსაც უწოდებენ ამას, მე არ მინდა ამის გამეორება.

ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს გარემო, მეორე მხრივ კი უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ დავაფიქსირეთ და გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, ამ არჩევანს ვერავინ გაექცევა: ვაგრძელებთ ყარაბაღის მოძრაობას თუ არა? თუ ვაგრძელებთ - ეს ომია, თუ არ ვაგრძელებთ - ეს მშვიდობაა. მშვიდობა ყოველდღიურად გაძლიერდება, დამოუკიდებლობაც ყოველდღიურად გაძლიერდება, სუვერენიტეტიც ყოველდღიურად გაძლიერდება, სომხეთის რესპუბლიკაც ყოველდღიურად გაძლიერდება და მე ვუდგავარ სათავეში ამ მოძრაობას, ვინც მეთანხმებით - წამომყევით“, - დაასკვნა ფაშინიანმა.

ქართული Español فارسی Հայերեն

ევროკავშირი სომხეთის მხარდაჭერას განაგრძობს რუსეთის მხრიდან ქვეყანაზე განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლის ფონზე

ალენ სიმონიანმა დსთ-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის დელეგაცია მიიღო

ნიკოლ ფაშინიანმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ბიზნესკავშირების გაღრმავებას გაუსვეს ხაზი

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დასრულებულია - მარკო რუბიო

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ TRIPP-ის განვითარების კომპანიის დაარსება დაამტკიცა

ევროკავშირი სომხეთს დამატებით მხარდაჭერას გაუწევს რუსეთის მიერ სომხური საქონლის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე

სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა TRIPP-ის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

ფაშინიანმა და ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის დარეგულირების პროცესი განიხილეს

სომხეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს