თურქეთში, სომხეთის საზღვართან, რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება
1 წუთი კითხვის

თურქეთის აქიაქას რაიონის ხელმძღვანელი ისმაილ დემირთაში, ყარსის პროვინციული საბჭოს თავმჯდომარე ფუათ არსლანთან ერთად, სომხეთ-თურქეთის საზღვარზე მდებარე რკინიგზის მონაკვეთს ეწვია და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „Ihlas Haber“-ი იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დემირთაშმა სარკინიგზო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო სამშენებლო სამუშაოების მიმდინარე მდგომარეობის, შესრულებული ეტაპებისა და პროექტის მსვლელობის შესახებ.
დემირთაში ადგილზე დააკვირდა მიმდინარე პროცესს და პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა გამართა.
აღინიშნება, რომ წლების განმავლობაში დაკეტილი აქიაქას სასაზღვრო-გამშვები პუნქტისა და რკინიგზის ხელახალ გახსნას ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული სარკინიგზო ხაზის ექსპლუატაციაში გაშვება საგრძნობლად შეუწყობს ხელს აქიაქას ვაჭრობის, ეკონომიკისა და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას.