სომხეთი ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო პროგრამებს უერთდება: რა შეიცვლება სომხურ სისტემაში
8 წუთი კითხვის

12 ნოემბერს სომხეთსა და ევროკავშირს შორის მორიგ ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომლებიც საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირის პროგრამებში - „Customs“-სა და „Fiscalis“-ში ჩართვის გზით.

როგორც ბრიუსელში „არმენპრესის“ კორესპონდენტი იუწყება, ევროკომისიის ბერლაიმონის (Berlaymont) შენობაში სომხეთის შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ედუარდ ჰაკობიანმა და კლიმატის, ნახშირბადოვანი ნეიტრალიტეტისა და სუფთა ზრდის საკითხებში ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ ორმხრივ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტების მიზანია სომხეთის საბაჟო და საგადასახადო სისტემების მოდერნიზება, ევროპული გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობა, ციფრული შესაძლებლობების განვითარება და საერთაშორისო საინფორმაციო გაცვლის გაფართოება.

შეთანხმებების ხელმოწერის შეფასებისას, ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ აღნიშნა, რომ ამ ორ პროგრამაში სომხეთის მონაწილეობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საბაჟო და საგადასახადო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.
„სომხეთს ამიერიდან ექნება შესაძლებლობა, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო ორგანოებთან, ისევე როგორც ისარგებლოს გადამზადებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფართო შესაძლებლობებით. ეს ყველაფერი განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი ისწრაფვის ევროკავშირთან კავშირების განმტკიცებისკენ, ვინაიდან ევროკავშირი სომხეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია“, - განაცხადა ჰუკსტრამ.

„არმენპრესის“ კორესპონდენტთან საუბარში შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ედუარდ ჰაკობიანმა სომხეთისთვის თანამშრომლობის სამი ძირითადი მიმართულება გამოყო. პირველი გამოცდილების გაზიარება და პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაა. მისი თქმით, ეს პროგრამები წარმოადგენს პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ, ისწავლონ ერთმანეთისგან და აიმაღლონ კვალიფიკაცია.
სომხეთისთვის ეს არის ევროპული სტანდარტების შესწავლის, ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ციფრული სისტემების გაცნობისა და იმის განსაზღვრის შესაძლებლობა, თუ რომელი მათგანის დანერგვაა შესაძლებელი სომხეთში. თავის მხრივ, სომხური მხარეც მზადაა საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს პარტნიორებს.

მეორე მიმართულება დარგობრივი საექსპერტო თანამშრომლობაა: ექსპერტები ეწვევიან სხვადასხვა ქვეყანას, ადგილზე შეისწავლიან ვითარებას და ხელს შეუწყობენ შესაბამისი სფეროების განვითარებას. სომხეთიც გეგმავს ამ შესაძლებლობებით სარგებლობას.
მესამე და ბიზნესისთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ევროპულ სატრანზიტო სისტემასთან მიერთების შესაძლებლობაა. ჰაკობიანის თქმით, ეს შესაძლებელს გახდის სომხეთსა და ევროკავშირს შორის ტვირთბრუნვის უფრო ეფექტიანად ორგანიზებას, საზღვრის კვეთის გამარტივებასა და ვაჭრობის დაჩქარებას. სომხური მხარე აპირებს შეისწავლოს სისტემის მუშაობის პრინციპები და მასთან მაქსიმალურად სწრაფად მიერთებისთვის საჭირო ნაბიჯები, რათა სომხეთიდან ევროპაში ექსპორტიორებმა და ევროპიდან სომხეთში იმპორტიორებმა რაც შეიძლება მალე იგრძნონ მისი დადებითი გავლენა.

ევროკავშირის პროგრამა „Customs“ განსაზღვრულია ევროკავშირის 2021/444 რეგულაციით და განკუთვნილია ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების საბაჟო ორგანოების თანამშრომლობისთვის. პროგრამის მთავარი მიზანია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ფინანსური და ეკონომიკური ინტერესების დაცვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლა, პარალელურად კი - ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წახალისება.
სომხეთის მონაწილეობა მოიცავს საბაჟო კანონმდებლობისა და ადმინისტრირების დახვეწას, რისკების მართვის მექანიზმების განვითარებას, ციფრული პროცესების გაფართოებასა და ევროკავშირის პარტნიორ უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
სომხეთს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ პროექტებში, პროფესიულ გადამზადებაში, გამოცდილების გაზიარებაში, კვლევებსა და ინოვაციურ ინიციატივებში, მათ შორის საპილოტე პროექტებსა და საინფორმაციო სისტემების თავსებადობის (ინტეროპერაბელურობის) განვითარებაში.

პროგრამაში მონაწილეობა გულისხმობს სომხეთის ფინანსურ შენატანს საოპერაციო კონტრიბუციისა და მონაწილეობის საფასურის სახით. დოკუმენტის თანახმად, საოპერაციო შენატანის გაანგარიშება ეფუძნება პროგრამის ბიუჯეტისა და სომხეთის მშპ-ის შეფარდებას, ამასთან, გათვალისწინებულია 80-პროცენტიანი შეღავათი. პროგრამის გრანტები შესაძლოა მიმართული იყოს საბაჟო ადმინისტრირების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ადამიანური რესურსების განვითარებაზე. მეორე - პროგრამა „Fiscalis“ განსაზღვრულია ევროკავშირის 2021/847 რეგულაციით და მიმართულია საგადასახადო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. პროგრამის მიზანია შიდა ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესება, სამართლიანი კონკურენციის წახალისება, საგადასახადო თაღლითობასა და გადასახადებისგან თავის არიდებასთან ბრძოლა, ასევე გადასახადების ამოღების ეფექტიანობის გაზრდა.
სომხეთის მონაწილეობა შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, განავითაროს საგადასახადო ადმინისტრირება, ისარგებლოს ევროპული საინფორმაციო სისტემებით, გააფართოოს საგადასახადო მონაცემების გაცვლა და გადაამზადოს საგადასახადო მოხელეები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი პროექტები, პროფესიული სწავლება, გამოცდილების გაზიარება და საპილოტე ინიციატივები. მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ პრიორიტეტებთან შესაბამისი ღონისძიებები მრავალწლიანი სამუშაო გეგმების საფუძველზე, ხოლო ტექნიკური დახმარების გაწევა ასევე დამოკიდებულია ევროკომისიის პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.

ორივე პროგრამის საერთო ლოგიკა გულისხმობს სომხეთის საბაჟო და საგადასახადო სისტემების უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროპული თანამშრომლობის მექანიზმებში. ერთის მხრივ, საქმე ეხება საბაჟო პროცედურების გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადობის ზრდას, კანონიერი ვაჭრობის გამარტივებასა და რისკების მართვის გაუმჯობესებას, მეორეს მხრივ კი - საგადასახადო ინფორმაციის გაცვლას, საგადასახადო მაქინაციების გამოვლენასა და გადასახადების ამოღების ეფექტიანობის ამაღლებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ევროპულ სატრანზიტო სისტემასთან შესაძლო მიერთება, რამაც შესაძლოა პირდაპირი გავლენა იქონიოს სომხეთსა და ევროკავშირს შორის საქონელბრუნვაზე, რაც გაამარტივებს იმპორტისა და ექსპორტის პროცესებს.
შესაბამისად, საკვანძო მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ სომხეთის მონაწილეობის ფაქტი, არამედ ისიც, თუ როგორ გარდაიქმნება ეს შესაძლებლობები პრაქტიკულ შედეგებად.
თანამშრომლობის ეფექტიანობა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ხელმოწერილი შეთანხმებებითა თუ ჩატარებული ტრენინგებით, არამედ იმ რეალური ცვლილებებით, რომლებსაც ეკონომიკური აგენტები და მოქალაქეები იგრძნობენ გამარტივებული საბაჟო პროცედურების, დაჩქარებული ვაჭრობისა და გაუმჯობესებული საგადასახადო ადმინისტრირების სახით.
