სომხეთის ფინანსთა მინისტრი რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვების ეკონომიკურ გავლენას გამოეხმაურა
3 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ვაჰე ჰოვჰანისიანი მოელის, რომ რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვები მოიხსნება ან საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისკენ მიმართული ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდება. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ჰოვჰანისიანმა ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის საფინანსო-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე, ფრაქცია „სომხეთის“ დეპუტატ ართურ ხაჩატრიანის კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, აღნიშნულ სირთულეებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე დიდი გავლენა არ აქვს, თუმცა ექსპორტის შეზღუდვებით დაზარალებულთა მხარდაჭერის აუცილებლობამ დამატებითი ხარჯები წარმოშვა.
ხაჩატრიანი დაინტერესდა, რამდენადაა გათვალისწინებული ბიუჯეტის პროექტში საგარეო ეკონომიკური რისკები, მათ შორის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში არსებული უპირატესობების შესაძლო დაკარგვის შედეგები. დეპუტატმა იკითხა, წარმოდგენილი პროგნოზები სხვადასხვა სცენარის საშუალო მაჩვენებელს ასახავს თუ ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტს.
„ჩვენი სცენარი საშუალო არ არის, ჩვენ ყველაზე რეალისტური სცენარი ავიღეთ“, - უპასუხა ჰოვჰანისიანმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რისკების შეფასებები არსებობს და მათი შესაძლო გავლენის შესარბილებლად სარეზერვო სახსრებია გათვალისწინებული. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ ვერ იტყვის, რა მასშტაბით შეიძლება მატერიალიზდეს ეს რისკები.
რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის სირთულეებზე საუბრისას ჰოვჰანისიანმა განაცხადა, რომ ან ეს შეზღუდვები მოიხსნება, ან დივერსიფიკაციასთან დაკავშირებული ძალისხმევა იქნება წარმატებული.
„თანაც, ჩვენ უკვე გვაქვს დიდი წარმატებები. თუმცა აქ ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი თავისთავად მაღალდაბეგვრადი სფერო არ არის, შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსავლებზე დიდი გავლენა არ შეიმჩნევა“, - აღნიშნა ჰოვჰანისიანმა.
მინისტრმა დასძინა, რომ ამ სექტორში მრავალი მოქალაქეა დასაქმებული. მისი თქმით, შექმნილი პრობლემების გავლენა წელს მათ დასახმარებლად დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობით გამოიხატა, თუმცა ამ ხარჯების მოცულობა, მისი შეფასებით, წარმოდგენილ საბიუჯეტო სცენარს არ ცვლის.