ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტმა სომხეთისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
3 წუთი კითხვის

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტმა (INTA) მხარი დაუჭირა სომხეთიდან ევროკავშირში იმპორტირებული საქონლის ფართო ასორტიმენტზე საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას - რუსეთის მიერ სომხურ ექსპორტზე დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე.
ბრიუსელში „არმენპრესის“ კორესპონდენტის ცნობით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადება 3 სექტემბერს ცვლილებების გარეშე მიიღეს: 35 მომხრე, 2 წინააღმდეგი და 3 თავშეკავებული ხმით.
წინადადების თანახმად, ევროკავშირი გეგმავს ორი წლის ვადით გააუქმოს საბაჟო გადასახადები სომხურ მთელ რიგ პროდუქციაზე.
ამავდროულად, გათვალისწინებულია უბაჟო იმპორტის კვოტების დაწესება სომხური სოფლის მეურნეობის რვა დასახელების პროდუქტზე. მათ შორის არის ყურძენი, გარგარი, ბალი, ატამი და კიტრი.
პროექტი ასევე ითვალისწინებს დამცავ მექანიზმებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირს ჩარევის შესაძლებლობას მისცემს, თუ სომხეთიდან იმპორტის ზრდა უარყოფით გავლენას მოახდენს ევროპელ მწარმოებლებზე.
ეს ნაბიჯი განპირობებულია 2026 წლის მაისიდან რუსეთის მიერ სომხური ექსპორტის რამდენიმე მნიშვნელოვან პროდუქტზე დაწესებული შეზღუდვებით. ეს ეხება, კერძოდ, ალკოჰოლურ სასმელებს, მინერალურ წყლებს, ხილსა და ბოსტნეულს, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე მათ ტრანზიტს.
ევროკომისიის ცნობით, ამ შეზღუდვებმა დაარღვია სომხეთის მიწოდების ტრადიციული ჯაჭვები და მნიშვნელოვნად შეზღუდა ქვეყნის წვდომა ექსპორტის ტრადიციულ ბაზრებზე. ვითარებამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა მცირე და საშუალო საწარმოებს, ასევე სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს, ამასთანავე, გამოწვევები შექმნა სომხეთის ეკონომიკური მედეგობისთვის.
ევროკავშირი ამ ინიციატივას განიხილავს როგორც დროებით ღონისძიებას სომხეთის ეკონომიკის მხარდასაჭერად და ექსპორტიორებისთვის ევროკავშირის ბაზარზე შესვლის დამატებითი შესაძლებლობების შესაქმნელად.
წინადადებაზე მორიგი კენჭისყრა დაგეგმილია ევროპარლამენტის სექტემბრის პლენარულ სესიაზე, სტრასბურგში.
ევროპარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ საჭირო იქნება ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური დასტურიც. რეგულაცია ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების მომდევნო დღეს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ 2 სექტემბერს მხარი დაუჭირა სომხური პროდუქციისთვის ვაჭრობის დროებითი ლიბერალიზაციის ღონისძიებების დაწესების წინადადებას და პროექტი ევროპარლამენტს გაუგზავნა დასამტკიცებლად.
