ისტორიული მემკვიდრეობა სანდო საფუძველია სომხურ-ქართული ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე განვითარებისათვის: გორ წარუკიანი
9 წუთი კითხვის

დილიჯანში ჩატარდა სომხურ-ქართული საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სომხეთისა და საქართველოს თანამდებობის პირები, ექსპერტული წრეების წარმომადგენლები და მასმედიის თანამშრომლები.
„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის ცენტრის დირექტორმა გორ წარუკიანმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს ფორუმი კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რათა დამტკიცდეს და თავიდან შეფასდეს ორი მეგობარი ერის შორის ჩამოყალიბებული საუკუნოვანი მეგობრობა აკადემიურ და ანალიტიკურ დონეებზე.
„ამ ფორმატში ორმხრივი ფორუმი უკვე მეორედ იმართება ჩვენი ცენტრის მიერ – პირველი წარმატებით ჩატარდა გასულ წელს. ტრადიციად ქცეული ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ორმხრივი გაცნობის დონის ამაღლებას როგორც ანალიტიკურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე. ხშირად ჩვენი ყურადღების ცენტრში ექცევიან შორეული რეგიონების ქვეყნები და მათი აკადემიური თუ ანალიტიკური ცენტრები, თუმცა არც ისე ხშირად ვუთმობთ საკმარის ყურადღებას ჩვენს უშუალო მეზობლებს. ეს უდავოდ ხარვეზია, რომელიც უნდა დავძლიოთ. ამ ფორმატის ფორუმი სწორედ ამის შესავსებადაა შექმნილი – ჩვენი თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გაღრმავების მიზნით,“ – აღნიშნა წარუკიანმა.
მისი თქმით, ხშირად არც ანალიტიკური წრეები და არც საზოგადოებები საკმარისად ინფორმირებულნი არ არიან ერთმანეთის შესახებ. ეს იმ პრობლემათაგანია, რომელზეც ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი. ამიტომ ფორუმი ხელს უწყობს ისეთ ღია და გულწრფელ დისკუსიებს, რომლებიც ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებზე ღრმა გააზრებას იძლევა.
„სომხეთსა და საქართველოს ათასწლოვანი ფესვები აერთიანებთ - კულტურა, ფასეულობები და მეგობრული კავშირები. ეს ისტორიული მემკვიდრეობა სანდო საფუძველია ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის. ბოლო წლებში ჩვენი თანამშრომლობა გადავიდა ახალ, სტრატეგიულ დონეზე, რის ნათელ მაგალითსაც 2024 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია წარმოადგენს. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვან გარანტიას იძლევა ჩვენი ხალხების ურთიერთნდობისა და პატივისცემისათვის. სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს ქმნის მუდმივი პოლიტიკური დიალოგი და ერთგულება რეგიონული სტაბილურობისა და ერთობლივი განვითარების მიმართ“, – განაცხადა წარუკიანმა.
მისი თქმით, ერთობლივი დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებაა ეკონომიკური კავშირების გამყარება. ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში ახალი პროექტების განხორციელება ქმნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნებისათვის - გეოგრაფიული სიახლოვისა და ურთიერთდამავსებელი პოტენციალის გათვალისწინებით.
„ჩვენი მთავარი მიზანია მშვიდობიანი და განვითარებადი სამხრეთ კავკასია. სომხეთი დიდ ძალისხმევას იჩენს, რომ თავის ყველა მეზობელთან - საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ირანთან - ჩამოაყალიბოს დაბალანსებული და სტაბილური ურთიერთობები სუვერენიტეტისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ბოლო დროს დაასრულეს მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე, მიმდინარეობს კონტაქტები საზღვრის დელიმიტაციისა და რეგიონული მარშრუტების გახსნის საკითხებზე. არსებითი პროგრესია მიღწეული სომხეთსა და თურქეთს შორისაც - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და საზღვრების გახსნის მიმართულებით. დადასტურებულია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთს. რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენი თანამშრომლობის ღერძია. სომხეთის მთავრობის მიერ წამოწყებული „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა სრულად ეხმიანება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის, ხედვას. მიზანია კავკასია და მეზობელი რეგიონები დავუკავშიროთ თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და კომუნიკაციებით, რაც ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნებისათვის“, – აღნიშნა წარუკიანმა.
მისი თქმით, სომხეთი თანმიმდევრულად ატარებს დაბალანსებულ და მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას, რაც შესაძლებლობას იძლევა პარტნიორობის გაღრმავებისთვის დასავლეთთან, მეზობლებთან და რეგიონულ ორგანიზაციებთან - ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირთან. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა, რომ სომხეთმა შეასრულოს ხიდის ფუნქცია სხვადასხვა გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრებს შორის.
„ჩვენს ქვეყნებს უზარმაზარი პოტენციალი აქვთ, გახდნენ ხიდი ევრაზიულ და ევროკავშირის ბაზრებს შორის. სომხეთი, როგორც ევრაზიული კავშირის წევრი, და საქართველო, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების მონაწილეა, ერთობლივი პროექტებისა და წარმოებების მეშვეობით შეძლებენ ახალი საინვესტიციო და სავაჭრო პერსპექტივების გახსნას. ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების - ევროკავშირის, აშშ-ის, ჩინეთის, ირანისა და რუსეთის აქტიური ჩართულობა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ინიციატივებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონისთვის. საქართველო სომხეთის კარიბჭეა ევროპისა და რუსეთისკენ. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სომხური პროდუქციისა და მგზავრების შეუფერხებელ გამოსვლას საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს მეშვეობით. ეს არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი, რაც მოითხოვს ერთობლივ და კოორდინირებულ ქმედებებს“, – დაასკვნა წარუკიანმა.
ფორუმის პანელური დისკუსიების დროს, რომელსაც უძღვებოდნენ „ორბელი“-ს კვლევითი ცენტრის უფროსი ექსპერტი ჯონი მელიქიანი, „APRI Armenia“-ს მკვლევარი ნვარდ ჩალიკიანი და „ორბელი“-ს უფროსი ექსპერტი ჰასმიკ მელიქსეთიანი, მონაწილეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკა ორი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობებზე დაყრდნობით. ექსპერტებმა ისაუბრეს საერთო ინტერესებზე, არსებული თანამშრომლობის ჩარჩოებზე და გამოთქვეს წინადადებები სტრუქტურირებული და სტრატეგიული დღის წესრიგის ჩამოყალიბებაზე.
მეორე პანელის მონაწილეებმა განიხილეს ძალთა განლაგების ცვლილებები სამხრეთ კავკასიასა და მის გარშემო, ახალი ალიანსების, გლობალური კონკურენციისა და უსაფრთხოების გამოწვევების გავლენით თანამშრომლობის ჩარჩოების გადახედვის აუცილებლობაზე. ექსპერტებმა შეაფასეს უკანასკნელი კონფლიქტების შედეგები, საერთაშორისო აქტორების როლის ტრანსფორმაცია და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.
მესამე პანელის მონაწილეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების სოციალური ასპექტები - განათლებისა და კულტურული თანამშრომლობის მდგომარეობა, აქცენტი გაკეთდა სომხურ მეცნიერებაზე საქართველოში და ქართულზე სომხეთში. ასევე, ყურადღება გამახვილდა მედიაში წარმოდგენილობაზე, მათ შორის სიძულვილის ენაზე ქართველი ჟურნალისტების ნაწილში სომხების მიმართ, და განიხილეს, როგორ შეუძლიათ კულტურულმა ურთიერთგაგებამ და აკადემიურმა გაცვლამ განავითაროს ურთიერთპატივისცემა და დიალოგი.
ქართული მხრიდან კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი თორნიკე შარაშენიძე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორი, ბიზნესისა და მენეჯმენტის სკოლის დეკანი, ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია, „Geocase“ ანალიტიკური ცენტრის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა, „ტრანსპორტული დერეფნის“ კვლევითი ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი, „ევროპული არჩევანი საქართველოსთვის“ არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი გიორგი უძილაური, SIKHA ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი არჩილ სიხარულიძე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე, ასევე ქართული მედიის წარმომადგენლები.