აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ TRIPP-ის განვითარების კომპანიის დაარსება დაამტკიცა
2 წუთი კითხვის

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) დირექტორთა საბჭომ 3 ივნისს მხარი დაუჭირა რიგ ახალ სტრატეგიულ ინვესტიციებს, მათ შორის TRIPP-ის განვითარების კომპანიის დაარსებას. ეს არის სომხეთისა და აშშ-ის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ვაჭრობის, ტრანსპორტის, ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული ურთიერთკავშირის მხარდაჭერას.
ინიციატივა ხელს შეუწყობს საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მათ შორის რკინიგზის, საავტომობილო გზების, მილსადენების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
„არმენპრესის“ ცნობით, საბჭომ დაამტკიცა 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი სტრატეგიული ინვესტიციების პაკეტი ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების განვითარებისთვის, რომელთა შორისაა TRIPP-ის განვითარების კომპანიის დაარსებაც.
„TRIPP Development Company-ის შექმნა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და სომხეთის ერთობლივი საწარმოა, ხელს შეუწყობს ვაჭრობას, ტრანსპორტსა და ეკონომიკურ განვითარებას, ამავდროულად გააუმჯობესებს საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორის და შიდასახელმწიფოებრივ სატრანსპორტო კავშირებს.
აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილ სამშვიდობო დეკლარაციასა და ჩარჩო შეთანხმებას „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), რათა მხარი დაეჭიროს ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის რკინიგზას, გზებს, მილსადენებს, ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს და ა.შ.“, - ნათქვამია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ივნისს, დისტანციური წესით, ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას TRIPP-ის შესახებ. სომხური მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა, ხოლო ამერიკული მხრიდან - სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.