რუსეთი მზადაა განავითაროს თანამშრომლობა საქართველოსთან - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
1 წუთი კითხვის

რუსეთი მზადაა განავითაროს თანამშრომლობა საქართველოსთან და კონსტრუქციულად გადაჭრას პრაქტიკული საკითხები. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ „ტასთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხეილ კალუგინმა განაცხადა.
„რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან. მზად ვართ მომავალშიც განვავითაროთ თანამშრომლობა თბილისთან და კონსტრუქციულად გადავჭრათ პრაქტიკული საკითხები. ასე მაგალითად, გუშინ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ გაზარდა უვიზო ყოფნის ვადა იმ ქართველი მძღოლებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებენ“, - განაცხადა დიპლომატმა.
მისი თქმით, მოსკოვი მოელის, რომ „საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც საკუთარი ხალხის ინტერესებით იხელმძღვანელებს და არ დაუშვებს რესპუბლიკის ჩათრევას რუსეთთან დაპირისპირებაში“.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.