სომხეთისა და საქართველოს რკინიგზელებმა სამგზავრო გადაყვანების განვითარების გეგმები განიხილეს
2 წუთი კითხვის

„სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ კომპანიების წარმომადგენლებს შორის ერევანში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, სამგზავრო გადაყვანების სფეროში არაერთი შეთანხმება იქნა მიღწეული.
„კერძოდ, მიღებულია გადაწყვეტილება 2026 წლის ზაფხულის სეზონზე ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით სწრაფი საფირმო მატარებლის გაშვების შესახებ. მხარეებმა დაამტკიცეს მატარებლის განრიგი 2026 წლის 14 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდისთვის, რომელიც დღეგამოშვებით იმოძრავებს. რკინიგზელები ასევე შეთანხმდნენ მგზავრების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლაზე, რათა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მატარებლის დგომის დრო შემცირდეს“, - იტყობინება „არმენპრესი“ კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზაზე“ დაყრდნობით.

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ ჩეხური კომპანია „Gepard Express“-ის დაკვეთით 4-12 ივლისის პერიოდში ერევანი-ბათუმი-ერევნის ტურისტული რეისის განხორციელებაზე. დაგეგმილია ძირითადად ჩეხეთიდან ჩამოსული ტურისტების ჯგუფის გადაყვანა „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ ვაგონებში განთავსებით; მგზავრობისას გათვალისწინებულია გაჩერებები, რომელთა დროსაც ტურისტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სომხეთისა და საქართველოს ღირსშესანიშნაობებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პირველი მსგავსი რეისი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ წარმატებით 2025 წელს განახორციელა.
