მაკრონმა უკრაინის საკითხზე საგანგებო შეხვედრა მოიწვია
2 წუთი კითხვის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 17 თებერვალს პარიზში საგანგებო სამიტის ფარგლებში უმასპინძლებს ევროპის ქვეყნების ლიდერებს, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რათა განიხილონ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოწესრიგება. როგორც „არმენპრესი“ Reuters-ზე დაყრდნობით იტყობინება,
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაკრონმა მოუწოდა „საკონსულტაციო მოლაპარაკებების“ გამართვას, სადაც განხილული იქნება აშშ-ის პოზიციის მკვეთრი ცვლილება უკრაინის მიმართ და მისი შედეგები ევროპის უსაფრთხოებისათვის.
გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს პარტნიორები და უკრაინა მოულოდნელად გააკვირვა, როდესაც განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე და რომ მშვიდობის პროცესის დაწყებას აპირებს.
უკრაინის საკითხზე ტრამპის ელჩმა კიტ კელოგმა კიდევ უფრო გააოცა ევროპა, როდესაც 15 თებერვალს განაცხადა, რომ ევროპა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება. თუმცა, Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონმა ევროპულ დედაქალაქებს უკვე გაუგზავნა კითხვარი, რათა გაერკვია, როგორ შეუძლიათ მათ კიევისათვის უსაფრთხოების გარანტიების გაწევა.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 16 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინა და ევროპა ჩართული იქნებიან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შეწყვეტისაკენ მიმართულ „ნებისმიერ რეალურ მოლაპარაკებაში“, რაც მიანიშნებს, რომ რუსეთთან საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებები მხოლოდ იმის განსაზღვრისთვის არის, რამდენად სერიოზულად არის განწყობილი მოსკოვი.
Reuters აღნიშნავს, რომ ევროპული ზოგიერთი ქვეყანა უკმაყოფილოა იმით, რომ საფრანგეთში დაგეგმილ შეხვედრაზე მიწვეული არიან მხოლოდ რამდენიმე შერჩეული ლიდერი და არა ევროკავშირის ყველა 27 ქვეყნის მეთაური.