„TRIPP“-ის განვითარების კომპანიაში აშშ-ს 74%, ხოლო სომხეთს 26% წილი ექნება - სომხეთის მთავრობამ შეთანხმების რატიფიცირების პროექტს მხარი დაუჭირა
8 წუთი კითხვის
სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტის შესახებ სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო-შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.
„არმენპრესის“ ცნობით, პროექტი სომხეთის მთავრობის 16 ივლისის სხდომაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა წარადგინა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებით იწყება შეთანხმების რატიფიცირების პროცესი. პროექტი გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შეთანხმებაში დაფიქსირებული ვალდებულებების კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნობის შემთხვევაში, წარედგინება ეროვნულ ასამბლეას.
„ამ გადაწყვეტილებით ჩვენ, ფაქტობრივად, ვიწყებთ სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის TRIPP პროექტის გარშემო სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-შეთანხმების რატიფიცირების პროცესს. გადაწყვეტილების მიღებით, პროექტს დადგენილი წესით გავუგზავნით სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ საერთაშორისო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულებების სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ არცნობის შემთხვევაში, დადგენილი წესით მივმართავთ ეროვნულ ასამბლეას, საკითხის განხილვას გადავიტანთ ეროვნულ ასამბლეაში“, - განაცხადა მირზოიანმა.
მინისტრმა გაიხსენა, რომ ჩარჩო-შეთანხმება 2026 წლის 26 მაისს ერევანში პარაფირებული იქნა მის მიერ და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიერ, შემდეგ კი ხელი მოეწერა 1 ივნისს ვაშინგტონში და 4 ივნისს ერევანში.
„შესაძლო კითხვების გასაფანტად, ვიტყვი, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში და სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით, ასეთი არაერთდროული, დისტანციური ხელშეკრულებების ხელმოწერა გათვალისწინებულია და მიღებული პრაქტიკაა“, - ხაზგასმით აღნიშნა მირზოიანმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერას წინ უძღოდა კიდევ ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია, ასევე 2026 წლის 13 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი TRIPP-ის განხორციელების ჩარჩოს განსაზღვრული დოკუმენტი.
„ეს მთავრობათაშორისი ჩარჩო-შეთანხმება უფრო აკონკრეტებს შეთანხმებულ დეტალებს, მიმართულებებს და სრულად შეესაბამება ჩემ მიერ აღნიშნულ ორ დოკუმენტს. ამას რატომ ვუსვამ ხაზს? იმიტომ, რომ როგორც 8 აგვისტოს დეკლარაციის, ისე 13 იანვრის განხორციელების ჩარჩოს დოკუმენტის შემთხვევაში, იყო გარკვეული სპეკულაციები იმის შესახებ, რომ, საბოლოო ჯამში, მთავრობათაშორისმა შეთანხმებამ შეიძლება შეიცავდეს აღნიშნულ დოკუმენტებთან შეუსაბამო დებულებებს. და აი, როგორც ვხედავთ, ეს შეთანხმება სრულად არა მხოლოდ შეესაბამება საჯაროდ გამოცხადებულ, დაფიქსირებულ, დამტკიცებულ და ხელმოწერილ პრინციპებს, არამედ თვით ჩარჩო-შეთანხმებაში არაერთხელ არის მითითება როგორც 8 აგვისტოს, ისე 13 იანვრის დოკუმენტებზე“, - თქვა მირზოიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, TRIPP-ის დაფუძნების დოკუმენტური პროცესის დასასრულებლად საჭიროა კიდევ ორი დოკუმენტის შეთანხმება: აქციონერთა შორის შეთანხმება და TRIPP-ის განვითარების კომპანიის წესდება.
ჩარჩო-შეთანხმებით სომხეთს და აშშ-ს მიზნად აქვთ ტრანსპორტის გადაზიდვების, ინფრასტრუქტურის, რეგიონული და გლობალური ვაჭრობის განვითარების გზით ხელი შეუწყონ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებას.
„შეთანხმების დადებით ფიქსირდება, რომ სომხეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიზნად აქვთ სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის გადაზიდვების განვითარების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, რეგიონული და გლობალური ვაჭრობის განვითარების გზით ხელი შეუწყონ და განამტკიცონ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა, დამყარებული სტაბილურობა, ხალხებისა და სახელმწიფოების განვითარება. ესეც არაერთხელ არის დაფიქსირებული ჩარჩო-შეთანხმებაში“, - აღნიშნა მირზოიანმა.
შეთანხმებით სომხეთი და აშშ დააფუძნებენ TRIPP-ის განვითარების კომპანიას. მას სომხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ზონაში ცალკეული პროექტების განსახორციელებლად შეეძლება დააფუძნოს სპეციალური დანიშნულების კომპანიები და მოიზიდოს სხვა პარტნიორები.
მირზოიანმა დაარწმუნა, რომ მთელი პროცესი, TRIPP-ის განვითარების კომპანია და შემდგომი საქმიანობა სრულად განხორციელდება სომხეთის სუვერენიტეტის, იურისდიქციისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.
TRIPP-ის განვითარების კომპანია შესაბამის ზონებში მიიღებს მიწათსარგებლობისა და მშენებლობის უფლებას, საწყისი 49 წლით. ამ პერიოდში კომპანიის აქციების 74% ეკუთვნის აშშ-ს, ხოლო 26% - სომხეთს.
49 წლის გასვლის შემდეგ მხარეთა შეთანხმებით თანამშრომლობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება კიდევ 50 წლით. ამ შემთხვევაში სომხეთის წილი 26%-დან 49%-მდე გაიზრდება.
„ვადის გაგრძელების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება, რომ სომხეთის რესპუბლიკას ჰქონდეს კომპანიის აქციების 49%. ანუ, სომხეთის რესპუბლიკის 26% წილი გაიზრდება და მიაღწევს 49%-ს. ვადის გაგრძელების შემთხვევაში 49% წილის მისაღებად სომხეთის რესპუბლიკას არ დასჭირდება რაიმე სხვა დამატებითი ნაბიჯის გადადგმა, ინვესტიცია ან ვალდებულების აღება“, - თქვა მირზოიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი შეინარჩუნებს სრულ სუვერენიტეტს და იურისდიქციას სახელმწიფო საზღვრის მართვაზე, სასაზღვრო კონტროლზე, საბაჟო ადმინისტრირებასა და სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ყველა საბაჟო პროცესზე.
„სომხეთი თავის შიდა კანონმდებლობასთან და საერთაშორისო შეთანხმებებთან შესაბამისად გააგრძელებს პასუხისმგებლობას შემდეგზე: უსაფრთხოება და სამართალდამცავი საქმიანობა, სასაზღვრო კონტროლი და სასაზღვრო უსაფრთხოება, საბაჟო და საიმიგრაციო კონტროლი, გადასახადებისა და ბაჟების სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა, სახელმწიფო საინფორმაციო სისტემები, სახელმწიფო ადმინისტრაციული ფუნქციები და კონტროლი. როგორც ამჩნევთ, ჩამოთვლილი სრულად ფარავს და შეუძლია გაფანტოს ყველა შესაძლო შეშფოთება, რომლებიც გულწრფელად შეიძლება აღმოცენებულიყო მრავალი განხილვისას სომხეთის საზოგადოებაში, და ის მავნე სპეკულაციები, რომელთა მომსწრენიც ვიყავით ბოლო თვეების განმავლობაში“, - ხაზგასმით აღნიშნა მირზოიანმა.
მან დაამატა, რომ ზოგიერთი ფუნქციის შესრულებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას „ფრონტ-ოფის–ბექ-ოფისის“ (front office-back office) მუშაობის განაწილების პრინციპი, ხოლო ფრონტ-ოფისის სამუშაოებში შეიძლება ჩაერთონ კერძო ოპერატორები.
„ამ ფუნქციების განხორციელებისთვის შეიძლება დაწესდეს ფრონტ-ოფის–ბექ-ოფისის პრინციპით მუშაობის განაწილება და ამ ფრონტ-ოფისთვის შეიძლება ჩაერთონ კერძო ოპერატორები. ეს არის პრაქტიკა, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში უკვე არსებობს და რომლის დეტალები ასევე მითითებულია 13 იანვრის TRIPP-ის განხორციელების ჩარჩოს დოკუმენტში“, - დაასკვნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.