ფაშინიანმა სომხეთ-თურქეთის რკინიგზის მაქსიმალურად სწრაფად გახსნის იმედი გამოთქვა

4 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთ-თურქეთის რკინიგზა მაქსიმალურად სწრაფად გაიხსნება.

„არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ თემას მთავრობის სხდომის მსვლელობისას შეეხო, როდესაც სომხეთიდან საექსპორტო საქონლის გეოგრაფიის დივერსიფიკაციასა და მიწოდების ახალი ჯაჭვების გაჩენაზე საუბრობდა.

„ამ პერიოდში ჩვენ ასევე გაგვიჩნდა სატრანსპორტო ახალი შესაძლებლობები - ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ორივე ხაზი მუშაობს. ამ თემაზე საუბარი მქონდა საქართველო პრემიერ-მინისტრთანაც და მანაც დამიდასტურა, რომ ორივე მიმართულებით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. თურქეთის პრეზიდენტთანაც ვისაუბრეთ ამ საკითხზე და მათაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს მიმართულებები ღიაა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სომხეთ-თურქეთის რკინიგზაც მაქსიმალურად სწრაფად გაიხსნება, აღარაფერს ვამბობ TRIPP-ის პროექტის განხორციელების ფარგლებზე, სადაც, რა თქმა უნდა, შესაძლებლობები არსებითად გაიზრდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რუსეთის მხრიდან სომხური საქონლის იმპორტის აკრძალვის ან შეზღუდვების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით ყოველთვის მუშაობდა და ამას შედეგი მოაქვს.

„ახლა ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ლოგისტიკური ცენტრების შექმნას, რათა, ვთქვათ, პომიდვრის მწარმოებლებმა შეძლონ ისეთი ფორმულის პოვნა, რომ გამოვიდნენ როგორც ერთიანი ექსპორტიორი. ხშირ შემთხვევაში, პროდუქციის ხარისხისა და მისი შესყიდვის მიმართ ინტერესი არსებობს, თუმცა, როდესაც საქმე მოცულობებზე მიდგება, ირკვევა, რომ ჩვენ მათთვის საინტერესო მოცულობის მხოლოდ ნაწილის წარმოება შეგვიძლია. ამის კომპენსირება შესაძლებელია კონსოლიდირებული მიწოდების განხორციელებით. არსებობენ მეგაქსელები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, თუმცა მცირე მოცულობა მათთვის პრობლემაა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მას პირადი წერილითაც მისწერა, რომ ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და თავადაც დაეხმარებიან სომხურ სამეურნეო სუბიექტებს, რათა მათ პრობლემები არ შეექმნათ.

„საუბარია ვარდების ბაზარზე, ვინაიდან მახსოვს, გასულ ოქტომბერში, როდესაც სხვადასხვა ადგილებს ვსტუმრობდით, მუდმივად ვფიქრობდით იმაზე, თუ როგორ მოგვეხდინა ჩვენი ვარდების ინდუსტრიის კონსოლიდაცია, რათა ჰოლანდიურ ბაზრებზე წვდომა გამხდარიყო შესაძლებელი. მაგრამ, როგორც იტყვიან, შაბათი კვირაზე ადრე მოვიდა და ახლა ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა“, - ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 24 მაისს განაცხადა, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა ღიაა სომხეთიდან ექსპორტისა და იმპორტისთვის.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის მსგავსად, უკვე ღიაა სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვის. ეს დიდი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. მადლობას ვუხდი თურქ და ქართველ კოლეგებს. სომხეთს დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით აქვს სარკინიგზო კავშირი რუსეთთან, ხოლო რუსეთისა და ყაზახეთის ტერიტორიის გავლით - ჩინეთთან.

ახლა უკვე საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიის გავლით - ევროკავშირთანაც. უახლოეს მომავალში იგეგმება სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის, ხოლო შემდგომ ნახიჩევანის გავლით სომხეთ-ირანის რკინიგზის გახსნა. ამ მოვლენების მოწმენი უახლოეს პერიოდში, TRIPP-ის პროექტის რეალიზაციის შედეგად გავხდებით“, - დაწერა ფაშინიანმა.

ქართული العربية English فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელი და მდივანი სომხეთში რუსეთის ელჩს შეხვდნენ

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ და ევროპის პროკურატურამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას ფასის მიუხედავად განახორციელებს - ფაშინიანი

სომხეთში გაზი იაფი არ არის - პრემიერ-მინისტრი

ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა სომხეთში ბულგარეთის ელჩი მიიღო

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

სომხეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

სომხეთი ეროვნული კოსმოსური შესაძლებლობების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა։ ფაშინიანმა პარიზში კოსმოსურ საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ბრაზილიის ელჩმა ორმხრივი ინტერესის შემცველი ერთრიგი სხვა საკითხები განიხილეს