რუსულ ბაზარზე აკრძალული სომხური პროდუქცია ევროკავშირში გაიყიდება: ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა მთავრობას წარედგინა
5 წუთი კითხვის
სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ მთავრობას განსახილველად წარუდგინა მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც სომეხ მეწარმეებს პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირებაში დაეხმარება.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა განაცხადა.
მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ მრავალ სომხურ საქონელზე იმპორტის შეზღუდვის ფონზე მიიღო. კითხვაზე, თუ რამდენად რეალისტურია სომხური პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტი ევროპული სტანდარტებისა და ხარისხის გათვალისწინებით, მინისტრმა უპასუხა:
„ეს ძალიან რეალისტურია, რადგან ჩვენს საექსპორტო ხილსა და ბოსტნეულს აქვს Global Gap-ის სერტიფიკატი, რაც ერთ-ერთი უმაღლესი კატეგორიის სერტიფიკატია. ანუ, ეს არის ის, რაც ევროპულ სუპერმარკეტებში იყიდება. თუმცა, აქ არსებობს სხვა ხარჯებიც, მაგალითად, სატრანსპორტო ხარჯები. ერთ მაგალითს მოვიყვან: ჩვენ მარწყვს ვაწარმოებთ ზუსტად იმავე ტექნოლოგიებით, მეთოდებითა და იმავე სათბურებში, რაც ევროპაშია. რაშია განსხვავება? განსხვავება ისაა, რომ ფრანგი, მაგალითად, ჰოლანდიელი ფერმერისგან ყიდულობს ნერგს, გადააქვს 200 კილომეტრზე, რგავს, შემდეგ კიდევ 200 კილომეტრზე გადააქვს მარწყვი და ყიდის. ამ შემთხვევაში ხარჯი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 500 დოლარი. ჩვენს შემთხვევაში კი 8000 დოლარი უნდა გადავიხადოთ, რომ ნერგი აქ ჩამოვიტანოთ, მერე კიდევ 8000 დოლარი უნდა გადავიხადოთ, რომ მარწყვი ევროპაში ჩავიტანოთ, და ამასთანავე 8.8-დან 14 პროცენტამდე საბაჟო გადასახადიც უნდა გადავიხადოთ. თავის დროზე ამბობდნენ, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში იმიტომ შევდივართ, რომ ჩვენი ხილი და ბოსტნეული მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში გადისო. დღეს ასეთი რამ აღარ არსებობს, ეს სტანდარტები როგორც ევრაზიულ კავშირში, ისე ევროკავშირში უმაღლესია და ჩვენი პროდუქციაც ამ უმაღლეს სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
ახლა დარჩენილია სატრანსპორტო საკითხები, რასთან დაკავშირებითაც დღეს მთავრობას კომპენსაციის პროგრამა წარვუდგინეთ. ჩვენ მოვახდენთ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორების სუბსიდირებას, რათა მათ ევროპულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი ფასების შეთავაზება შეძლონ“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა ამ მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საკმაოდ დიდ თანხებს გამოყოფს, რათა ბიზნესსუბიექტები არ დაზარალდნენ.
„ძალიან დიდი თანხებით დავეხმარებით, თითოეული სასაქონლო მიმართულებით დავთვალეთ კომპენსაციის ხარჯები. მაგალითად, ყვავილების შემთხვევაში წლის ბოლომდე - 5.5 მილიონი დოლარი, პომიდვრის შემთხვევაში - 3.5 მილიონი დოლარი, და 3.5 მილიონი დოლარი წიწაკის შემთხვევაში“, - განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, თუ ევროკავშირის რომელ ქვეყნებში შეძლებენ სომეხი მეწარმეები პროდუქციის ექსპორტს, პაპოიანმა უპასუხა:
„ევროპის ყველა ქვეყანაში, საბერძნეთიდან დაწყებული, გერმანიით დამთავრებული“.
რუსეთის მიერ სხვადასხვა სომხურ საქონელზე იმპორტის შეზღუდვების დაწესებაზე საუბრისას, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მოადგილე ასტანაში შეხვდა რუს კოლეგებს.
პაპოიანის თქმით, ატმოსფერო ძალიან პოზიტიურია და ყველას სურს პრობლემების გადაჭრა.
მინისტრმა რწმენა გამოთქვა, რომ სომხეთში 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სომხური მხარე ყველა ამ საკითხს ძალიან სწრაფად მოაგვარებს.
„როსსელხოზნაძორმა“ განაცხადა, რომ 2026 წლის 2 ივნისიდან დროებით შეზღუდვებს აწესებს სომხეთიდან ალუბლის, ბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ნექტარინისა და ყურძნის იმპორტზე. რუსულმა უწყებამ გადაწყვეტილება ფიტოსანიტარიული მოთხოვნების დარღვევითა და სომხური პროდუქციის მიწოდების პროცესში დაფიქსირებული დარღვევების მზარდი რაოდენობით დაასაბუთა.
მანამდე რუსეთმა ასევე შეზღუდა სომხეთიდან პომიდვრის, კიტრის, წიწაკისა და მარწყვის იმპორტი. სომხეთიდან ყვავილების, თევზის პროდუქტების, გარკვეული ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყალი „ჯერმუკის“ იმპორტი რუსეთის ფედერაციაში ამ დროისთვის აკრძალულია.