დღევანდელ მყიფე მსოფლიოში მშვიდობის შესანარჩუნებლად პასუხისმგებელი ვართ ყველანი: რუბინიანი

4 წუთი კითხვის

სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობასა და კეთილდღეობას მოიტანს, არამედ ხელს შეუწყობს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებასაც, რადგან აჩვენებს, რომ ხანგრძლივი წინააღმდეგობების გადალახვა შესაძლებელია დიალოგისა და დიპლომატიის გზით.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ რუბენ რუბინიანმა განაცხადა ერევანში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როთის სემინარის გახსნისას.

„მოგესალმებით სომხეთის რესპუბლიკაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როთის სემინარის მონაწილეებს. უკვე მეოთხედ ვუმასპინძლებთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას.

1991 წლიდან როუზ-როთის სემინარის ყურადღების ცენტრშია რეგიონული უსაფრთხოების, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის, სამხედროების მიმართ ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის საკითხები.

სემინარის თემატიკა „სომხეთი და სამხრეთ კავკასია ცვალებად სამყაროში: დემოკრატიისა და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცება“ თავისთავად ბევრს ამბობს. იგი გვახსენებს, რომ დღევანდელ მყიფე სამყაროში მშვიდობის შენარჩუნებაზე ყველანი ვიღებთ პასუხისმგებლობას. ომები და კონფლიქტები კვლავ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ხალხთა თავზე და მოაქვს უამრავი მსხვერპლი და ტანჯვა“, – აღნიშნა რუბინიანმა.

მან ისაუბრა როგორც სომხეთ-ნატოს თანამშრომლობის ისტორიის, ისე სამხრეთ კავკასიის უახლესი პოლიტიკური პროცესების შესახებ, მათ შორის აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ რეგიონული პროექტისა და 2024 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოწერილი ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობის შესახებ. რუბინიანმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს არსებობს ისტორიული შესაძლებლობა, დაძლეულ იქნეს წარსულის კონფლიქტები და აშენდეს მშვიდობიანი და კეთილმეზობლური მომავალი.

სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება და იმედი გამოთქვა, რომ ანკარა უპასუხებს ერევნის მზადყოფნას რაც შეიძლება მალე დამყარდეს დიპლომატიური ურთიერთობები და გაიხსნას საზღვრები.

„ბევრი წელია სომხეთის უსაფრთხოების სტრატეგია მხოლოდ ერთ პოლუსზე იყო დამოკიდებული, რამაც მრავალი პრობლემა შექმნა. ახლა ვმუშაობთ მისი დივერსიფიკაციის მიმართულებით – ეს გულისხმობს როგორც მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციასა და კეთილმეზობლურ თანამშრომლობას, ასევე პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების გაფართოებას ყველა პარტნიორთან.

ამ კონტექსტში დიდი სამუშაო ტარდება ევროკავშირთანაც. სწორედ ამ მიზნით 2025 წლის 26 მარტს ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონი „ევროპის კავშირში სომხეთის რესპუბლიკის წევრობის პროცესის დაწყების შესახებ“, – განაცხადა რუბინიანმა და დარწმუნება გამოთქვა, რომ სემინარის ფარგლებში გამართული განხილვები კონსტრუქციული და ღირებული იქნება.

„გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას ერევანში, რომელიც ასახავს სომხური ხალხის ისტორიასა და კულტურას, თბილ მასპინძლობას“, – დაასრულა სიტყვა რუბინიანმა.

 

ქართული Հայերեն Русский

სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა TRIPP-ის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

ფაშინიანმა და ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის დარეგულირების პროცესი განიხილეს

სომხეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს

„სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ ბათუმისა და სევანის სეზონურ მიმართულებებს აამოქმედებს

ფაშინიანმა პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბარი პოზიტიურად შეაფასა

ევრაზიული კავშირი სომხეთისთვის ახალ შესაძლებლობებს უნდა ხსნიდეს და არა პირიქით - ფაშინიანი

რუსულ ბაზარზე აკრძალული სომხური პროდუქცია ევროკავშირში გაიყიდება: ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა მთავრობას წარედგინა

რეფერენდუმის საფუძველი ამჟამად არ არსებობს - ფაშინიანის გამოხმაურება ევრაზიული კავშირის 4 ქვეყნის პრეზიდენტების განცხადებაზე

ფაშინიანმა და პუტინმა ასტანაში გამართული ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომის შედეგები განიხილეს