სომხეთი კონსტიტუციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მიდგომას არ იზიარებს - რუბინიანი
2 წუთი კითხვის

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ახალი კონსტიტუციის მიღებით განპირობების შესახებ აზერბაიჯანის მიდგომას არ იზიარებს და მზად არის, შეთანხმებას ხელი დღესვე მოაწეროს. „არმენპრესის“ ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ 17 ნოემბერს ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირებას შორის კავშირზე ისაუბრა.
„ჩვენ ამ მიდგომას არ ვიზიარებთ. მივიჩნევთ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს და ხელშეკრულების გასაფორმებლად მზად ვართ თუნდაც დღესვე“, - განაცხადა რუბინიანმა.
მისი თქმით, ახალი კონსტიტუციის მიღების ინიციატივა სომხეთის შიდა დღის წესრიგიდან გამომდინარეობს. ამასთანავე, მას არ გამოურიცხავს, რომ მის მიღებას შესაძლოა საგარეო-პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვეს.
რუბინიანი ასევე შეეხო ოპოზიციის კითხვებს იმასთან დაკავშირებით, მოაწერს თუ არა ხელს აზერბაიჯანი ხელშეკრულებას კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ და ხომ არ წამოაყენებს ახალ წინაპირობებს.
საპარლამენტო სპიკერის თქმით, ხელისუფლებამ აღნიშნული კითხვები ლოგიკურად მიიჩნია და ნიკოლ ფაშინიანმა ამ საკითხებზე დაფიქრებისა და ოპოზიციისთვის წინადადების წარდგენის განზრახვის შესახებ განაცხადა.
„თუკი დამატებითი გარანტიებია საჭირო, შესაძლოა ღირდეს ამ გარანტიების მოპოვებაზე მუშაობა - თქვენ მიერ წამოჭრილი დღის წესრიგის საკითხის ირგვლივ“, - აღნიშნა რუბინიანმა.