4 წუთი კითხვის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხეთს პროექტის, „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, ოფიციალური დაწყება მიულოცა და ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.
„არმენპრესის“ ცნობით, ტრამპმა ამის შესახებ TRIPP პროექტის განხორციელების ოფიციალური დაწყებისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამაყობს პროექტის სტარტით და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გაბედული ლიდერობისა და მშვიდობის გზის არჩევა მიულოცა.
„განსაკუთრებული მოკითხვა სომხეთში ყველას ამ წარმოუდგენლად სასიხარულო მოვლენასთან დაკავშირებით, როდესაც ოფიციალურად იწყებთ პროექტს, „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“. მე ამით ძალიან ვამაყობ.
მსურს მივულოცო ჩემს მეგობარს, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, მისი გაბედული ლიდერობა. მან მშვიდობის გზა აირჩია და ჩვენთან ერთად იმუშავა, რათა წერტილი დაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი კონფლიქტისთვის. 35 წელზე მეტია, რაც ამ კონფლიქტს ენით უთქმელი ტანჯვა მოჰქონდა; ბევრმა სცადა გამოსავლის პოვნა, თუმცა წარუმატებლად. მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და გასულ წელს თეთრ სახლში ხელი მოვაწერეთ ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას.
დღეს ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას პროექტ „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ და სრულიად ახალი, TRIPP-ის განვითარების კომპანიის - ამოქმედებით. შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის ეს პარტნიორობა შექმნის ახალ სავაჭრო გზებს მთელ რეგიონში საქონლისა და ენერგეტიკული ნაკადების მოძრაობისთვის, ასევე მოგზაურობისთვის. ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული უზრუნველვყოთ, რომ მას ჰქონდეს დიდი, ძალიან დიდი წარმატება.
კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ფაშინიანსა და მის კოლეგას, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს, ჩვენთან თანამშრომლობისა და ამ დღის რეალობად ქცევისთვის, ასევე ჩემი კანდიდატურის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე დიდსულოვნად წარდგენისთვის.
ასევე ვისურვებდი მომავალ წელს პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი თეთრ სახლში მოვიწვიო, როდესაც იგი ვაშინგტონში ეროვნულ სამლოცველო საუზმეზე დასასწრებად ჩამოვა. მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრას. ის გამორჩეული ადამიანი და ძალიან კარგი მეგობარია. ჩვენ ერთად შევძლებთ განვიხილოთ, თუ როგორ წავწიოთ ეფექტიანად წინ რეგიონული მშვიდობა და ახალი იმპულსი მივცეთ ჩვენს ორმხრივ კავშირებს.
შეერთებულ შტატებს არასდროს ჰქონია ასეთი კარგი მაჩვენებლები, როგორიც ახლა აქვს. ინვესტიციების მოცულობა უპრეცედენტოა: სწორედ ახლა შეერთებულ შტატებში 22 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. არასოდეს ყოფილა ქვეყანა, რომელიც ინვესტიციების ასეთ მოცულობასთან ახლოს მაინც მივიდოდა.
და ბოლოს, არ არსებობს უფრო დიდი ან უფრო ღირსეული მიზანი, ვიდრე მშვიდობაა, და ჩემთვის დიდი პატივი იყო სომხეთის ხალხთან ერთად მუშაობა ამ ყველაფრის რეალობად ქცევისთვის.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. გილოცავთ! ყოჩაღ, ბრწყინვალე საქმე გააკეთეთ!“ - ნათქვამია მიმართვაში.