ლატვიამ ბელარუსთან და რუსეთთან საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაცია დაიწყო
2 წუთი კითხვის

ლატვიის აღმოსავლეთ საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაცია „ვილკატისი“ (VILKATIS) დაიწყო. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
„პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის ინიციატივით, აგრეთვე ვითარების შეფასების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაწყებულიყო ოპერაცია „ვილკატისი“ ლატვიის აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ოპერაციის კოორდინაციას სახელმწიფო კანცელარიის კრიზისების მართვის ცენტრი ახორციელებს, თუმცა მისი პრაქტიკული განხორციელება ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს (სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, სახელმწიფო პოლიცია) და ეროვნული შეიარაღებული ძალების მიერ ხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ეროვნული შეიარაღებული ძალების შემდგომ მონაწილეობას სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მხარდაჭერაში პერსონალის რაოდენობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გაზრდის გზით, მათ შორის უახლესი შეიარაღების (უპილოტო საფრენი აპარატების, ვერტმფრენების, თვითმფრინავების) გამოყენების ხარჯზე.
„ოპერაციის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიები უფრო ინტენსიურად იქნება გამოყენებული არალეგალი მიგრანტების გამოვლენისა და დაკავების, აგრეთვე ლატვიის აღმოსავლეთ საზღვრის სრული დაცვის მიზნით. სასაზღვრო ზონაში უფრო ინტენსიურად დაინერგება უპილოტო საფრენი აპარატები არალეგალი მიგრანტების უფრო ეფექტური, ადრეული გამოვლენისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევაში მათი დაკავებისთვის“, - აღნიშნეს პრესსამსახურში.