სანქტ-პეტერბურგში სომხეთისა და რუსეთის იუსტიციის მინისტრები შეხვდნენ
2 წუთი კითხვის

იუსტიციის მინისტრი სრბუჰი გალიანი რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, პეტერბურგის მე-14 საერთაშორისო იურიდიული ფორუმის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრ კონსტანტინ ჩუიჩენკოს შეხვდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ორმხრივი შეხვედრის გამართვას, როგორც მნიშვნელოვან შესაძლებლობას იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის აქტუალური მიმართულებების განსახილველად და შემდგომი ურთიერთქმედების განვითარების პერსპექტივების დასასახად.
კონსტანტინ ჩუიჩენკომ ხაზი გაუსვა სომხეთის იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის გაფართოების ინიციატივით გამოვიდა.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნიეს სამართლებრივი დახმარების სფეროში თანამშრომლობის განვითარება და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს არის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისა და კომპეტენტურ ორგანოებს შორის ეფექტური ურთიერთქმედების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება.
სრბუჰი გალიანი ასევე შეეხო სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ მოთხოვნების შესრულების მექანიზმების შემდგომი სრულყოფის აუცილებლობას და ხაზი გაუსვა ამ სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის უწყვეტი განვითარების მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს პრობაციის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, გამოცდილების გაცვლისა და ამ სფეროში ეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
შემთხვევით ისარგებლა სრბუჰი გალიანმა და რუსეთის იუსტიციის მინისტრი მიიწვია დსთ-ის მონაწილე სახელმწიფოების იუსტიციის მინისტრების საბჭოს მე-20 სხდომაზე დასასწრებად, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში ერევანში გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა სამართლებრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განსახილველად, პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად და ურთიერთქმედების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ერთობლივი მიდგომების შესამუშავებლად.