სომხეთში ყარაბაღის მოძრაობის გაგრძელების ნებისმიერი მცდელობა აზერბაიჯანში სარკისებრ რეაგირებას გამოიწვევს - ფაშინიანი

3 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთში სხვადასხვა დონეზე ყარაბაღის მოძრაობის გაგრძელების ნებისმიერი მცდელობა აზერბაიჯანში სარკისებრ რეაქციას გამოიწვევს.

„არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია აზერბაიჯანში ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანის“ ნარატივისა და „აზერბაიჯანელების დაბრუნების“ შესახებ განცხადებების გააქტიურება იმ ფონზე, როდესაც სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობაა დამყარებული.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: „სანამ სომხეთის ეროვნული ასამბლეის დარბაზში ყარაბაღის დროშებია აღმართული, სანამ ეს ნარატივი სომხეთში გაგრძელდება, ეს პროცესი სარკისებრად გაგრძელდება იქაც, ეს ურთიერთპირობითი ფაქტორებია. მე ვამბობ, რომ ყოველივე ამას არ გააჩნია პრაქტიკული და გამოყენებითი მნიშვნელობა და არც ექნება მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და ამ საკითხში მკაფიო პოზიციას გამოვხატავთ. რატომ ვამბობ ამას? ბლოკ „სომხეთის“ ლიდერი (რედ. იგულისხმება სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი) ამბობს, რომ სომხეთის რესპუბლიკა არ უნდა დაკმაყოფილდეს 29 ათას 743 კვადრატული კილომეტრით, აბა რა უნდა ქნას? ყველას ესმის, არა, რა ხდება სომხეთში და რაზე საუბრობენ ადამიანები?

ახლა სხვა დონეზე ყარაბაღის მოძრაობის გაგრძელების ნებისმიერი მცდელობა სარკისებრ რეაგირებას გამოიწვევს.

სწორედ ამიტომ ვაგრძელებ მტკიცებას და ჩვენ ყველა შესაძლო ნაბიჯს გადავდგამთ, რათა აღიკვეთოს ყარაბაღის მოძრაობის გაგრძელების ყოველი მცდელობა, მათ შორის იმ მიზეზითაც, რომ სომხეთის ხალხმა ხმა მისცა ამ ხედვას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა. ჩვენ მსგავს მცდელობებს შევაფასებთ როგორც სომეხი ხალხის ახალ ავანტიურაში ჩათრევის მცდელობას და ჩვენი უფლებამოსილებისა და კანონის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ მის აღსაკვეთად“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მან დასძინა, რომ არავის ადანაშაულებს, არამედ უბრალოდ სურს, რომ პრობლემის კონტექსტი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები გასაგები იყოს.

ქართული English Հայերեն

განმარტება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის გაქცევისა და დაკავების ფაქტზე - შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტი

ედუარდ ჰაკობიანმა ბრიუსელში სომხეთსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარება განიხილა

თურქეთში, სომხეთის საზღვართან, რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

მირზოიანსა და ბაირამოვს შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართა

დუბლინში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

ფაშინიანმა და კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

დუბლინში სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთი ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო პროგრამებს უერთდება: რა შეიცვლება სომხურ სისტემაში

ფაშინიანმა ერდოღანთან შეხვედრა დადებითად შეაფასა