ჩვენ არასოდეს გადავუხვევთ იმ გზას, რომლითაც მივდივართ - მეცოლას პასუხი ალიევის ბრალდებებს
2 წუთი კითხვის

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც ამ უკანასკნელმა ევროპარლამენტი გააკრიტიკა და „ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციების“ მიღებაში დაადანაშაულა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტის გახსნაზე გამოსვლისას, თავდაპირველად მადლობა გადაუხადა ევროკომისიას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მისი პოზიციისთვის, თუმცა დასძინა, რომ ყველა ევროპული სტრუქტურა არ იჩენს ერთნაირ მიდგომას და ერთ-ერთი მათგანი, ალიევის თქმით, ევროპარლამენტია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი მშვიდობისთვის ხელშეწყობის ნაცვლად საბოტაჟითაა დაკავებული. მან შეახსენა დამსწრეებს, რომ 2021 წლის მაისიდან 2026 წლის 30 აპრილამდე „ევროპარლამენტმა მიიღო 14 რეზოლუცია, რომლებიც ძალიან შეურაცხმყოფლად ცრუობენ აზერბაიჯანის შესახებ“. ალიევი ასევე შეეხო ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციას, რომლითაც მან მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთის დემოკრატიულ მდგრადობას. რეზოლუციაში საუბარი იყო მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული სომხების უფლებებზე, კერძოდ, მთიან ყარაბაღში სომხური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობასა და სომხების საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნებაზე. ალიევმა განაცხადა, რომ „ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით მიზანში ამოიღო აზერბაიჯანი, ცილისწამებისა და სიცრუის გავრცელებით“.
„არმენპრესის“ ცნობით, ალიევის გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის უფლება ითხოვა და ალიევის განცხადებას უპასუხა.
„ევროპარლამენტი პირდაპირი წესით არჩეული წარმომადგენლებისგან შემდგარი დემოკრატიული ორგანოა, რომლის რეზოლუციებიც ხმათა უმრავლესობით მიიღება. ამის შედეგები, შესაძლოა, ბევრისთვის უხერხულობას ქმნიდეს, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევცვლით იმ გზას, რომლითაც მივდივართ და დავიცავთ იმ პოზიციებს, რომლებსაც ვიღებთ“, - განაცხადა მეცოლამ.