ვიეტნამი მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების პროცესს
2 წუთი კითხვის

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჩან თან მანის ხელმძღვანელობით დელეგაციას უმასპინძლა.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალენ სიმონიანმა შეხვედრის დასაწყისში ვიეტნამელ კოლეგასთან პირისპირ საუბარი გამართა, სადაც მადლობა გადაუხადა სომხეთში ვიზიტისთვის და მაღალი წარმომადგენლობითი დელეგაციის ხელმძღვანელობისთვის. თავის მხრივ, ჩან თან მანმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სომხეთში ვიზიტით ძლიერ შთაბეჭდილებებშია.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა გაფართოებული დელეგაციების შემადგენლობით, სადაც განხილული იყო ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პარლამენტთაშორის თანამშრომლობასა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში მოქმედი მეგობრობის ჯგუფების კავშირების გააქტიურებაზე.
შეხვედრის განმავლობაში, ალენ სიმონიანმა ყურადღება გაამახვილა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების უკვე დასრულებულ პროექტზე და აღნიშნა, რომ სომხური მხარე მზად არის მის ხელმოსაწერად. პასუხად, ჩან თან მანმა განაცხადა, რომ ვიეტნამი მხარს უჭერს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დამყარებისა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების პროცესს.
განხილვებისას ყურადღება დაეთმო სომხეთსა და ვიეტნამს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების საკითხსაც და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. ალენ სიმონიანმა ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ყურადღება ბაქოში მყოფი სომეხი ტყვეების პრობლემაზეც გაამახვილა.
შეხვედრის დასასრულს, ორი ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს „სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეასა და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.