ერევანი, 30 დეკემბერი, არმენპრესი. მოსკოვი მზადაა თბილისთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის იმ დონეზე, რამდენადაც თავად საქართველო იქნება მზად. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა წლის შედეგების შეჯამებისას TASS-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.
საქართველომ 2008 წლის 2 სექტემბერს გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეინარჩუნებს საკონსულო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. 2009 წლის მარტიდან თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა განყოფილება ფუნქციონირებს, სადაც რუსეთის დიპლომატიური და ტექნიკური პერსონალი მუშაობს. ანალოგიური განყოფილება საქართველოს ინტერესებისთვის შექმნილია მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული განყოფილების ფარგლებში.