ერევანი, 27 ივნისი, არმენპრესი. სომხეთი რუსეთის-უკრაინის ომის წინააღმდეგია და მხარს უჭერს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობასა და სტაბილურობას.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცახკნასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, როდესაც ის რუსეთის-უკრაინის კონფლიქტს შეეხო.
„სომხეთი, მართლაც, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ომს, და ჩვენ არ შეგვიძლია მისი მოთმენა არა მხოლოდ ჰუმანიტარული იდეებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ თვითონაც იგივე განადგურებას შევხვდით ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ხდება სამოქალაქო მოსახლეობის ძალით გადაადგილება, როგორ ხდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურების მიზანში ამოღება და ა.შ.“, - აღნიშნა არარატ მირზოიანმა, დასძინა, რომ ომი ყოველთვის საშინელი რამ არის და სომხეთი მკაცრად ეწინააღმდეგება ომს.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი არა მხოლოდ მხარს უჭერს მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობასაც.
„ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ქვეყნებს მოვუწოდოთ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები“, - დაასრულა მინისტრმა.