1 წუთი კითხვის
მოსკოვმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალ სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი უკვე დაამყარა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ 16 ნოემბერს გაზეთი „იზვესტია“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დავამყარეთ. მისი რუსი კოლეგა უკვე განსაზღვრულია, ეს გახლავთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს. რუსეთი მუდმივად გამოდის საქართველოსთან პრაქტიკული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბების სასარგებლოდ“, - განაცხადეს უწყებაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში დასძინეს, რომ მომლაპარაკებლები ყურადღებას პრაქტიკულ საკითხებზე - ვაჭრობის, ტურიზმის, სატრანსპორტო კავშირებისა და კულტურული გაცვლების გაფართოებაზე გაამახვილებენ. გამოცემის ცნობით, მთელი რიგი მიმართულებებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.