სომხეთის რკინიგზის კონცესიური მართვის საკითხში რუსეთის ფედერაციასთან მკვეთრ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ - ფაშინიანი
2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა სომხეთის რკინიგზის კონცესიური მართვის საკითხში რუსეთის ფედერაციასთან მკვეთრ გადაწყვეტილებებზე არ წავა და ამჯობინებს საკითხები მეგობრულ ატმოსფეროში მოაგვაროს.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.
„გადაწყვეტა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ორმხრივად გავუგოთ და აღვიქვათ ერთმანეთის ინტერესები - გარკვეულ კომპრომისებზე წასვლით, რომელთაგან ერთ-ერთიც შესაძლოა იყოს რუსეთის მიერ კონცესიური უფლების გაყიდვა. ეს შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი, ანუ შესაძლოა იყოს წილობრივი გარკვეული კონფიგურაციები, სადაც პროცენტული გადანაწილება ისეთი იქნება, რომ ხელი არ შეუშალოს სომხეთის საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელში ინტეგრაციის ამ ისტორიულ შესაძლებლობას“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანმა 2026 წლის მაისში განაცხადა, რომ სომხეთს სურს შეცვალოს რკინიგზის კონცესიური მართვის ლოგიკა, რათა სანქციური დაბრკოლებები არ გახდეს პრობლემა ქვეყნის სარკინიგზო სისტემის განვითარებისთვის. შეგახსენებთ, რომ სომხეთის რკინიგზის კონცესიურ მართვას რუსეთი ახორციელებს კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ მეშვეობით. თემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ადრეც ჰქონდა ნასაუბრევი და აღნიშნავდა, რომ რუსული კონცესიური მართვა სომხეთს ართმევს გარკვეულ კონკურენტულ უპირატესობებს; მან შესთავაზა, რომ სომხეთის რკინიგზის კონცესიური მართვა გადაეცეს სომხეთისა და რუსეთისთვის მეგობრულ რომელიმე მესამე ქვეყანას. რუსული მხარის სხვადასხვა ოფიციალურმა პირმა უკვე განაცხადა, რომ რკინიგზის კონცესიური მართვის მესამე ქვეყნისთვის გადაცემას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.