სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობა გაყინა და უკან დასაბრუნებელ გზას ვერ ხედავს - სარგის ხანდანიანი
2 წუთი კითხვის

სომხეთს უკვე რამდენიმე წელია, გაყინული აქვს თავისი მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და უკან დასაბრუნებელ გზას ვერ ხედავს.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულება“ დეპუტატმა სარგის ხანდანიანმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხი შესაძლოა ორგანიზაციის 11 ნოემბრის სამიტზე განიხილონ.
„არ არსებობს არცერთი მიზეზი ან გარემოება, რომელმაც შესაძლოა აიძულოს სომხეთი, გაააქტიუროს თავისი მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. იცით, რა პრობლემების გამოც გაყინა სომხეთმა თავისი მონაწილეობა, და ეს პრობლემები დღემდე არ მოგვარებულა. ჩვენ არ გვიხილავს პოლიტიკური დონის არცერთი ისეთი განცხადებაც კი, რომელიც დაგმობდა 2022-2023 წლებში სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ მომხდარს“, - განაცხადა ხანდანიანმა და მხედველობაში იქონია იმ პერიოდში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიებზე განხორციელებული პერიოდული თავდასხმები.
სომხეთს 2024 წლის თებერვლიდან გაყინული აქვს თავისი მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მუშაობაში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ France 24-თან ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაციამ სომხეთის წინაშე უსაფრთხოების სფეროში ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.