ჩვენ ჩვენს დაბრუნებას კუხო-ში ვერ ვხედავთ - არარატ მირზოიანი
1 წუთი კითხვის

სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართ თავისი პოზიცია არ შეუცვლია.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კუხო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ნიკოლაი ბორდიუჟას განცხადებას იმის შესახებ, რომ სომხეთი კუხო-დან უნდა გარიცხონ.
„ჩვენ დიდი ხანია შევწყვიტეთ მონაწილეობა ამ სტრუქტურის მუშაობაში, გავყინეთ ჩვენი წევრობა და თუ ამ სტრუქტურის სხვა წევრები ან გენერალური სამდივნო კომენტარებს აკეთებენ, ამაოდ - ჩვენ ჩვენს დამოკიდებულებას არ შევცვლით და ჩვენს დაბრუნებასაც კუხო-ში ვერ ვხედავთ“, - განაცხადა მირზოიანმა.
სომხეთმა 2024 წლის თებერვლიდან გაყინა საკუთარი მონაწილეობა კუხო-ს მუშაობაში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ France 24-თან ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ კუხო-მ სომხეთის მიმართ უსაფრთხოების სფეროში აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.
კუხო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ კუხო-ს წევრმა სხვა ქვეყნებმა სომხეთი ორგანიზაციიდან უნდა გარიცხონ, რადგან სომხეთი არ მონაწილეობს სტრუქტურის მუშაობაში და არ იხდის საწევრო შენატანებს.