არარატ მირზოიანმა ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადება მშვიდობისთვის არახელშემწყობად შეაფასა
3 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა მშვიდობისთვის არახელშემწყობად შეაფასა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, ჰიქმეთ ჰაჯიევის ბოლო განცხადება და ამავდროულად ხაზი გაუსვა, რომ მწვავე განცხადებების გაცვლამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მშვიდობის განმტკიცების მცდელობებზე.
„არმენპრესის“ ცნობით, ეროვნულ ასამბლეაში გამართული განხილვის დროს ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ მდივანი ტიგრან აბრაჰამიანი შეეხო ჰიქმეთ ჰაჯიევის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც სომხეთმა და სომხურმა საზოგადოებამ აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადონ. მან მირზოიანისგან იკითხა, თუ რატომ არ გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრო ამ განცხადებას და რამდენად უწყობს ხელს მსგავსი რიტორიკა სამშვიდობო პროცესს.
მირზოიანმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით მთავრობა მშვიდობას აშენებს და აცნობიერებს ამ გზაზე არსებულ სირთულეებსა და დაბრკოლებებს. მისი თქმით, სომხური მხარე ცდილობს განამტკიცოს მშვიდობა და თავიდან აიცილოს წარსულის დაპირისპირების ლოგიკასთან დაბრუნება.
„ბატონო აბრაჰამიან, გარწმუნებთ, მე იმდენი ხმამაღალი და პატრიოტული სიტყვა ვიცი, იმდენი პათოსური სიტყვა ვიცი. საკითხი შემდეგშია - ამის გაკეთება ხელს შეუწყობს პროცესს? ახლა მოიყვანეთ მაგალითი, რომელიც ხელს არ უწყობს. რა თქმა უნდა, არ უწყობს“, - განაცხადა მირზოიანმა.
მინისტრმა დასძინა, რომ უფრო მწვავე პასუხს შესაძლოა მოჰყვეს მეორე მხარის კიდევ უფრო მწვავე რეაქცია, რაც მხარეებს მოვლენათა უარყოფითი განვითარების გზაზე წაიყვანს.
დეპუტატის დამატებითი კითხვა შეეხებოდა იმას, შეიძლება თუ არა მსგავსი განცხადება სამომავლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის კიდევ ერთ წინაპირობად იქცეს.
პასუხად მირზოიანი კონფლიქტის შედეგებსა და ორივე საზოგადოების მიერ განცდილ ტკივილს შეეხო და ხაზი გაუსვა მშვიდობისა და თანამშრომლობის ეტაპზე გადასვლის აუცილებლობას.
„ჭრილობები ძალიან ახალია, კონფლიქტი ახლახან დასრულდა, მსხვერპლი და სისხლი იყო ამ მხარეს, მსხვერპლი და სისხლი იყო იმ მხარეს. მაგრამ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს და გადავიდეთ მშვიდობისა და თანამშრომლობის ეტაპზე. ამით ჩვენც მოვიგებთ და ისინიც მოიგებენ“, - აღნიშნა მინისტრმა.