ევროკავშირს სომხეთისთვის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში დახმარება სურს
3 წუთი კითხვის

ევროკავშირს სურს დაეხმაროს სომხეთს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში, რისთვისაც მომავალ კვირას სომხეთში ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი ჩავა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან უპასუხა კითხვას - მზად არის თუ არა ევროკავშირი დაეხმაროს სომხეთს იმ შესაძლო სიტუაციაში, როდესაც რუსეთმა, რომლის გაზზეც ქვეყანა დიდწილად არის დამოკიდებული, შესაძლოა მიწოდებული ბუნებრივი აირის ფასი სომხეთზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს.
„ენერგეტიკის თემასთან დაკავშირებით თქვენ გჭირდებათ სტრატეგიული, კომპლექსური და მრავალშრიანი მიდგომა. და როგორც ვეხმარებით სომხეთს სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციაში, რაც ქვეყნის მედეგობას განამტკიცებს, ასევე გვსურს დაგეხმაროთ ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის საკითხშიც. სწორედ ამიტომ, მომავალ კვირას სომხეთში ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა. ჩვენ მსგავს სიტუაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. ეს გამოვიარეთ უკრაინაში, ეს გამოვიარეთ მოლდოვაში. თავად ევროკავშირსაც ჰქონია მსგავსი გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ნებისმიერი ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ ევროკავშირი, ამავდროულად, ახორციელებს ინვესტიციებს რეგიონულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში ელექტროენერგეტიკული ურთიერთკავშირების გზით, რადგან პარალელურად საჭიროა ახალი მარშრუტების მშენებლობა და რეგიონული ენერგოქსელების გაძლიერება.
„ეს მოიცავს 25 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას „კავკასიის ელექტროგადამცემი ქსელი“ პროექტის ფარგლებში. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სომხეთის მიერ განახლებადი ენერგიის წარმოების მოცულობების მნიშვნელოვან გაფართოებას. ეს ადგილობრივი წარმოების ენერგეტიკული რესურსია. ეს თქვენი ენერგეტიკული რესურსია, რომელსაც აქ, სომხეთში აწარმოებთ, რაც განიჭებთ დამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აძლიერებს ქვეყნის მედეგობას. ასე რომ, ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დაგიჭიროთ იმ შესაძლო სიტუაციაში, რომელიც თავად ძალიან კარგად ვიცით“, - განმარტა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს, რუსეთის საელჩოს მეშვეობით სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, სერგეი ცივილიოვის წერილი. მასში რუსული მხარე აფრთხილებდა სომხეთს 2013 წლის დეკემბერში ხელმოწერილი შეთანხმების შესაძლო შეჩერების ან ცალმხრივად გაუქმების შესახებ, თუ ერევანი ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას გააგრძელებდა. საუბარია ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და ნედლი ბუნებრივი ალმასების მიწოდების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებშიც ყალიბდება სომხეთისთვის მიწოდებული რუსული გაზის ტარიფი.