ანჰიტ ავანესიანი სტამბოლში ჯანმოს რეგიონულ მინისტრთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
2 წუთი კითხვის

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ანაჰიტ ავანესიანი თურქეთის ქალაქ სტამბოლში მონაწილეობას მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ მინისტრთა კონფერენციაში, რომელიც მიწისძვრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების პირობებში ჯანდაცვის სისტემების ურთიერთქმედებას ეძღვნება.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ 30 ივნისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ანაჰიტ ავანესიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ კონფერენციაში რეგიონის სხვა ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებიც მიიღებენ მონაწილეობას.
„ეს არის პროფესიული მინისტრთა კონფერენცია, რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას. არ არის გამორიცხული ორმხრივი შეხვედრების გამართვა, თუმცა მკაფიო დღის წესრიგი ამ დროისთვის ჯერ არ არსებობს“, - განაცხადა მან.
ავანესიანის თქმით, სომხეთი ამჟამად საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამედიცინო გუნდების ჩამოყალიბების შესაძლებლობების შეფასების ეტაპზეა და უახლოეს მომავალში იგეგმება ჯანმოს შესაბამისი სერტიფიკატის მიღება.
„შეფასების ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, სომხეთს ეყოლება მაღალი სერტიფიცირების მქონე სამედიცინო რეაგირების გუნდები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებიან მომსახურება გაწიონ როგორც სომხეთში, ისე სხვა ქვეყნებში საგანგებო სიტუაციების დროს“, - დასძინა მან.