რუსული პასპორტის მქონე პირები სომხეთის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ - პრემიერ-მინისტრი პუტინთან შეხვედრაზე
2 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც ფლობენ ექსკლუზიურად სომხეთის რესპუბლიკის პასპორტს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. „არმენპრესის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ფაშინიანი სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებს შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანა დემოკრატიულია და პოლიტიკური აქტივობა ბუნებრივი მოვლენაა.
„ჩვენთან საპარლამენტო არჩევნებია მოსალოდნელი და ეს არჩევნები, ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრის არჩევნებიცაა“, - განაცხადა მან.
პრემიერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციურ მოთხოვნებზე.
„ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც აქვთ ექსკლუზიურად სომხური პასპორტი. ანუ, რუსული პასპორტის მქონე პირები, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ვერ იქნებიან ვერც დეპუტატობის და ვერც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეზღუდვა სამართლებრივი ხასიათისაა და ეხება ყველა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, მიუხედავად მათი პოლიტიკური პოზიციისა.
ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთში პოლიტიკური პროცესები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო სოციალური ქსელები სრულიად თავისუფალია, რაც, მისი თქმით, ხანდახან კრიტიკის საფუძველიც ხდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უფრო ადრე განაცხადა, რომ სომხეთში ბევრი პრორუსული პოლიტიკური ძალა და მოღვაწეა, ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანი პატიმრობაში იმყოფება.
პუტინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ეს პოლიტიკური ძალები შეძლებენ სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ქვეყნის შინაურ საქმეებში არ ერევა.