ეკონომიური

სომხეთში ბენზინისა და დიზელის ფასები შემცირდა։ ფაშინიანმა აზერბაიჯანული საწვავის იმპორტის შედეგები წარმოადგინა

4 წუთი კითხვის

სომხეთში ბენზინისა და დიზელის ფასები შემცირდა։ ფაშინიანმა აზერბაიჯანული საწვავის იმპორტის შედეგები წარმოადგინა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში იმპორტის შედეგები․

„არმენპრესის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა „ფეისბუქ“-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში შეახსენა, რომ 2025 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან სომხეთში დაიწყო აზერბაიჯანული ბენზინის იმპორტი და აღნიშნა, რომ მისთვის საინტერესო იყო, ამ იმპორტის შემდეგ რა ცვლილებები მოხდა სომხეთის ბენზინის ბაზარზე.

„აზერბაიჯანიდან ძირითადად შემოტანილია Premium ტიპის ბენზინი და ამ დროისათვის სომხეთში Premium ტიპის ბენზინის მინიმალური ფასი 15 პროცენტით შემცირდა და ერთ ლიტრზე 510 დრამის ნაცვლად ახლა უკვე 430 დრამს შეადგენს.

ორი დღის წინ აზერბაიჯანიდან სომხეთში შემოტანილი იქნა ასევე დიზელის საწვავი, რის შედეგადაც დიზელის მინიმალური ფასი ამ პერიოდში 2 პროცენტით შემცირდა. შემცირდა ასევე Regular ტიპის ბენზინის ფასიც - დეკემბერთან შედარებით დაახლოებით 8 პროცენტით. ანუ, თუ 11 დეკემბერს Regular ტიპის ბენზინის მინიმალური ფასი 500 დრამი იყო, ახლა 460 დრამია. ეს ყველაფერი მშვიდობის დღის წესრიგისა და მშვიდობის შედეგები და სარგებელია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ამ პროცესს თან ახლავს კრიტიკა როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთში: „სომხეთში ამბობენ, რომ ბენზინს ყიდულობთ და ფულს აზერბაიჯანში აგზავნით, რათა იმ ფულით სომხეთზე იერიში მიიტანონ, ხოლო აზერბაიჯანში ამბობენ, რომ ბენზინსა და დიზელს სომხეთში აგზავნით, რათა მათ თავიანთი ტანკები და სამხედრო ტექნიკა დატენონ და აზერბაიჯანზე იერიში მიიტანონ. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ეს შეშფოთება უსაფუძვლოა, რადგან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობაა დამყარებული, ეს მშვიდობა თანდათან უფრო და უფრო ინსტიტუციონალიზებული გახდება და მსგავსი შეშფოთებები უბრალოდ არანაირ საფუძველს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მსგავსი განწყობები, სულ მცირე სომხეთში, წახალისებულია იმ კომპანიებისა და წრეების მიერ, რომლებიც თავიანთი გარე პარტნიორების მხარდაჭერით წლების განმავლობაში ბენზინის ბაზარზე მონოპოლიას ფლობდნენ: „ახლა ისინი იძულებულნი იქნებიან ფასები შეამცირონ, რის შედეგადაც, ვფიქრობ, დაზარალდებიან ეს მონოპოლიები, რომლებიც ფაქტობრივად და საბოლოოდ გაქრება, ხოლო სარგებელს მიიღებენ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები. ეს არის მშვიდობა, და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მშვიდობაში ცხოვრება და მშვიდობის სარგებელთან ურთიერთობაც. სიხარულით ვაფიქსირებ, რომ სომხეთის რესპუბლიკა ამას უკვე აკეთებს“, - დაასკვნა ფაშინიანმა.

2025 წლის 19 დეკემბერს სომხეთში შემოტანილი იქნა აზერბაიჯანული A-95 ტიპის ბენზინი 1218 ტონა მოცულობით. აზერბაიჯანული ბენზინის იმპორტიორმა კომპანიებმა სომხეთში Premium ტიპის ბენზინის გაყიდვა დაიწყეს ერთ ლიტრზე 430 დრამად, მაშინ როცა მანამდე ფასი 510 დრამი იყო. 2026 წლის 7 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს აწვდის საწვავის მეორე პარტიას - 1000 ტონა A-92 ტიპის ბენზინს, იგივე რაოდენობის დიზელის საწვავს და 1800 ტონა A-95 ტიპის ბენზინს.

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT