ალენ სიმონიანი ბაქოსგან მშვიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის სურვილსა და ნებას ელოდება
2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანისგან ელოდება სურვილსა და ნებას, რათა სომხეთთან მოეწეროს ხელი მშვიდობის შეთანხმებას.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სიმონიანმა ამის შესახებ აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ცხადია როგორც ჩვენთვის, ისე აზერბაიჯანელი პარტნიორებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომ სომხეთმა გააკეთა ყველაფერი, რაც მის ძალაში იყო, რათა რეგიონში მშვიდობა დამყარებულიყო. დღეს რეგიონში მშვიდობა ჯერ კიდევ მყიფეა, მაგრამ უკვე რეალობაა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მშვიდობა გადაიქცეს საბოლოო შეთანხმებად, და რაც მთავარია, არსებობდეს ნამდვილი მშვიდობა ადგილზე. მაგალითად, საქართველოსთან ჩვენ არ გვაქვს ხელმოწერილი მშვიდობის შეთანხმება, მაგრამ მშვიდობაში ვცხოვრობთ“, - განაცხადა სიმონიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა საკითხის მოსაგვარებლად დროა საჭირო.
„გაუგონარი რამაა, თითქმის ორი წელია ერთმანეთს აღარ ვესვრით. ასეთი რამ დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე არ მომხდარა“, - აღნიშნა ალენ სიმონიანმა.
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთმა და აზერბაიჯანმა წინასწარ მოაწერეს ხელი მშვიდობის შეთანხმებას. სომხეთის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. დოკუმენტის წინასწარი ხელმოწერის შემდეგ, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის მშვიდობა დამყარდა.
მშვიდობის ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერისთვის აზერბაიჯანი კვლავ წინაპირობად აყენებს სომხეთის კონსტიტუციის შეცვლის საკითხს, რასაც სომხეთი მიუღებლად მიიჩნევს.