სომხეთი ამზადებს სცენარებს ირანსა და ისრაელს შორის შესაძლო კონფლიქტის შედეგებზე რეაგირების მიზნით
2 წუთი კითხვის

სომხეთი არ გამორიცხავს ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის გამწვავების შემთხვევაში ლტოლვილების ნაკადს, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ხასიათის პრობლემების წარმოქმნას და უკვე მუშაობს შესაბამის სცენარებზე. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ პარლამენტში მთავრობის საათის ფარგლებში განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა, საპასუხოდ „სამოქალაქო ხელშეკრულების“ დეპუტატ ზარუჰი ბატოიანის შეკითხვას.
დეპუტატმა საუბრისას ხაზი გაუსვა სოციალური რისკების საკითხს და აღნიშნა, რომ კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში არ არის გამორიცხული ლტოლვილების შემოსვლა სომხეთში. მისი თქმით, აუცილებელია მზადყოფნა საცხოვრებლის, საბინაო ფონდისა და სხვა სოციალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
ვიცე-პრემიერმა გრიგორიანმა აღნიშნა, რომ ეს საკითხები მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა․
„დიახ, არც ლტოლვილების, არც ლოგისტიკური და არც ენერგეტიკული პრობლემების გამორიცხვა არ შეიძლება დღეს. საჭიროა ფიქრი და ისეთი სცენარების შემუშავება, რომლებიც შეიძლება X მომენტში დაგვჭირდეს, თუმცა ასევე შესაძლოა არც დაგვჭირდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ საკითხებს ყურადღების ცენტრში ვამყოფებთ და მოქმედების გეგმებს ვამზადებთ“, – განაცხადა გრიგორიანმა։
ზარუჰი ბატოიანმა კვლავ ყურადღება გაამახვილა სისტემური მიდგომის აუცილებლობაზე:
„რა თქმა უნდა, არავის სურს, რომ ასეთი ვითარება შეიქმნას, მაგრამ ამის გამორიცხვა არ შეგვიძლია. წინასწარ უნდა ვიყოთ მზად, და იმედი ვიქონიოთ, რომ საჭიროება არ დადგება“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ვიცე-პრემიერმა უპასუხა, რომ მთავრობის შიგნით უკვე მიმდინარეობს განხილვები სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით, თუმცა მათი დეტალების გასაჯაროება ჯერჯერობით არ ისურვა․
„რეგიონში არსებული ასეთი დაძაბულობის ფონზე მოვლენებს თვითდინებაზე ვერ მივუშვებთ. თქვენი აღნიშნული საკითხები – ლტოლვილები, ენერგეტიკული რისკები, ლოგისტიკური დაბრკოლებები – განხილვების დღის წესრიგშია. სხვათა შორის, ლოგისტიკური პრობლემები უკვე გამოვლინდა“, – დაასრულა გრიგორიანი.