ფაშინიანმა დაადასტურა სომხეთის მზადყოფნა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის
6 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერევნის მზადყოფნა, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ შეთანხმებული დოკუმენტის ხელმოწერისთვის.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა „ერევნის დიალოგის“ საერთაშორისო კონფერენციის დროს სიტყვით გამოსვლისას, როდესაც მაღალი რანგის ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის შორის სამშვიდობო პროცესის ბოლო ეტაპზე განვითარებული მოვლენები.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერევანი და ბაქო დაასრულეს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკება და სომხეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ხელი მოაწეროს შეთანხმებულ დოკუმენტს.
„აზერბაიჯანი შეთანხმების ხელმოწერის საკითხს უკავშირებს ორ პრობლემას. პირველია ეუთოს მინსკის ჯგუფის სტრუქტურების დაშლა. ეუთოს მინსკის ჯგუფი შეიქმნა სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების პლატფორმად. უნდა ვთქვა, რომ ამ სტრუქტურის გაუქმება ჩვენთვის მისაღებია და მზად ვართ წინ წავიდეთ. მაგრამ მეორე მხრივ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციას ერთნაირად აღიქვამენ. გვინდა დავინახოთ, რომ აზერბაიჯანის მიზანი არ არის საკუთარი ტერიტორიაზე კონფლიქტის დახურვა და მისი ექსპორტირება სომხეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ბოლო წლებში აზერბაიჯანი სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის დაახლოებით 60 პროცენტს „დასავლეთ აზერბაიჯანს“ უწოდებს.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე „დასავლეთ აზერბაიჯანი“ სომხეთის ტერიტორიაზე. ჩვენ გთავაზობთ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას და პარალელურად ეუთოსთვის მიმართვას მინსკის ჯგუფის სტრუქტურების დათხოვნის თაობაზე. ვფიქრობ, ეს არის კონსტრუქციული წინადადება, ხელმოწერისთვის ორი დოკუმენტის წინ დადგმა და მათი ერთდროულად, იმავე ადგილას ხელმოწერა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის მიერ წამოწეული მეორე საკითხი უკავშირდება სომხეთის კონსტიტუციის მუხლებს, აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, რომ ის თითქოსდა ტერიტორიულ პრეტენზიას შეიცავს აზერბაიჯანის მიმართ.
„ზოგადად, ნათელია, რომ მხარეებს არ უნდა ჰქონდეთ ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია ოფიციალურად განმარტოს, რას მოიცავს სომხეთის კონსტიტუცია, არის სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შარშან სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეძლეს ხელი მოეწერათ საზღვრის დელიმიტაციის კომისიების მუშაობის წესების შესახებ დოკუმენტზე, რომელიც არის პირველი დოკუმენტი ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში.
პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა, რომ გასული წლის სექტემბერში სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული რეგულაცია და მის საფუძვლად არსებული ალმა-ათის დეკლარაცია სრულად შეესაბამება სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას.
პრემიერმა განმარტა, რომ ალმა-ათის დეკლარაცია, რომელიც 1991 წელს ყოფილ სსრკ-ის 11 რესპუბლიკამ მოაწერა ხელი, ორ ძირითად მნიშვნელობას ატარებს: „სსრკ წყვეტს არსებობას და ხელმომწერი მხარეები ხდებიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები, აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ურღვევობას, სუვერენიტეტს და ა.შ. შესაბამისად, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დეკლარაცია სრულად შეესაბამება კონსტიტუციას, რაც ნიშნავს, რომ სომხეთის კონსტიტუცია არ შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიას არცერთი მეზობელი სახელმწიფოს მიმართ. რადგან დეკლარაციით აღიარებულია, რომ დამოუკიდებელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიები იგივეა, რაც საბჭოთა სომხეთისა და საბჭოთა აზერბაიჯანის ტერიტორიები“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტში უკვე არსებობს პუნქტი, რომლის თანახმად მხარეები ადასტურებენ, რომ ყოფილი საბჭოთა ადმინისტრაციული საზღვრები ხდება საერთაშორისო საზღვრები, რაც აღიარებულია ორივე მხარის მიერ.
ფაშინიანმა დასძინა, რომ შეთანხმებაში ასევე შედის პუნქტი, რომლის მიხედვითაც სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალში ვერ წარადგენენ ტერიტორიულ პრეტენზიებს ერთმანეთის მიმართ. პრემიერის თქმით, შეთანხმება ასევე მოიცავს პუნქტს, რომლითაც მხარეები ვალდებულნი არიან არ გამოიყენონ შიდა კანონმდებლობა დოკუმენტის ვალდებულებების შესაფერხებლად.
„ეს ნიუანსები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, ხელმოწერის შემდეგ შეთანხმება უნდა გადაეგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მისი შესაბამისობის შესამოწმებლად. თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ შეთანხმება არ შეესაბამება კონსტიტუციას (ჩვენი ექსპერტების აზრით, ასეთი შესაძლებლობა მცირეა), მაშინ ჩვენ გვექნება განსაკუთრებული სიტუაცია, სადაც მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. ასეთ შემთხვევაში, მე დავიწყებ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესს, რადგან მშვიდობის პროცესი არ უნდა შეწყდეს. ვეცდებით და დავარწმუნებთ საზოგადოებას, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად. მაგრამ თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ შეთანხმება სრულად შეესაბამება კონსტიტუციას, მაშინ არანაირი დაბრკოლება არ იარსებებს მის რატიფიცირებასთან დაკავშირებით პარლამენტში, რის შემდეგაც შეთანხმება მიიღებს უმაღლეს იურიდიულ ძალას“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
