ჩინეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მნაცაკან საფარიანმა 28 აპრილს მიიღო სომხეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლი სინვეი, რომელიც მას რწმუნებათა სიგელების ასლის გადასაცემად ეწვია.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მნაცაკან საფარიანმა მიულოცა ელჩს მისი მისიის დაწყება და უსურვა წარმატებული საქმიანობა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საქმეში, ასევე გამოხატა მზადყოფნა სრული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს სომხეთსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ურთიერთობების დინამიკური განვითარება და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს ორ ხალხს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას.
ორივე მხარემ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული პროცესების და ურთიერთდაინტერესების მქონე საკითხების შესახებ.