ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსებამ შესაძლო ესკალაციის რისკი თავიდან აიცილა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
2 წუთი კითხვის

სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებამ მნიშვნელოვნად შეამცირა საზღვარზე მომხდარი ინციდენტების რაოდენობა და შესაძლო ესკალაციის რისკი თავიდან აიცილა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა სომხეთის პარლამენტში გამართული ევროკავშირსა და სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის მეოთხე სხდომის დროს.
სიმონიანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს სომხეთში მიმდინარე რეფორმებისა და სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივების მხარდასაჭერად გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის.
„ეს ყველაფერი ხდება სომხეთსა და ევროკავშირს შორის მზარდი და ახალი დღის წესრიგის მქონე თანამშრომლობის ფარგლებში“, – განაცხადა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რიგი მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა, რაც ამ თანამშრომლობის ნათელი მაგალითია: დაიწყო ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგი, სომხეთი ევროპული მშვიდობის ფონდის პროგრამაში ჩაერთო, ხოლო ევროკავშირმა კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა სომხეთის საზღვარზე სამოქალაქო მისიის ყოფნის ვადა.
„მისიის განთავსებამ აშკარად და მნიშვნელოვნად შეამცირა საზღვარზე ინციდენტების რაოდენობა და შესაძლო ესკალაციის რისკი თავიდან აიცილა“, – აღნიშნა ალენ სიმონიანმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ ეროვნულმა ასამბლეამ 13 თებერვალს პირველი მოსმენით მიიღო ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი, რაც ევროპული საზოგადოების ნაწილად ქცევისაკენ სომეხი ხალხის ურყევი ნებისა და მისწრაფების რეალური გამოხატულებაა.